ახალი ამბები

ეს იყო ჟესტი ირანის რეჟიმის მიმართ – ისრაელის ელჩი თბილისის ანძის ირანის დროშის ფერებში განათებაზე

26 თებერვალი, 2026 •
ეს იყო ჟესტი ირანის რეჟიმის მიმართ – ისრაელის ელჩი თბილისის ანძის ირანის დროშის ფერებში განათებაზე

ისრაელის ელჩის, ვალიდ აბუ ჰაიას განცხადებით, თბილისის ანძის ირანის დროშის ფერებში განათება იყო ჟესტი ირანის რეჟიმის მიმართ და არა ირანის ან ირანელი ხალხის მიმართ.

„ჩემი პროტესტი შეეხებოდა თავად ქმედებას – ეს იყო 47 წლისთავის აღნიშვნა ამ ტერორისტული რეჟიმისა, რომელიც ზის ირანში და გვებრძვის ყველგან. მე არ შემეძლო ჩუმად დავრჩენილიყავი და კომენტარი არ გამეკეთებინა აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით, რომ პროტესტი არ გამომეთქვა.

მე ვიცი, რომ საქართველოსა და ირანს დიპლომატიური ურთიერთობა აქვთ, ირანის საელჩო არის თბილისში, არ ვერევი საქართველოს საგარეო ურთიერთობაში, მის ორმხრივ ურთიერთობაში სხვა ქვეყანასთან. მთაწმინდის ანძის შემთხვევაში, მე პიროვნულად, ისევე როგორც ისრაელის მოქალაქემ და ისრაელის ელჩმა საქართველოში ვიგრძენი, რომ ეს იყო ჟესტი ირანის რეჟიმის მიმართ, ეს არ იყო ჟესტი ირანის ან ირანელი ხალხის მიმართ. რადგან ეს არის რეჟიმის 47 წელი, რომელიც ხოცავს ისრაელელებს და ხოცავს ირანელებს. ეს არის რეჟიმი, რომელიც ხოცავს ისრაელელებს ისრაელში და ბევრ სხვა ადგილას მსოფლიოში. ისინი აკეთებენ ყველაფერს, მთელ ძალისხმევას დებენ ისრაელელების მკვლელობაში და ასევე, ხოცავენ უდანაშაულო ირანელებს. ამიტომ მე ვიგრძენი, რომ პროტესტი უნდა გამომეთქვა ამ ჟესტის მიმართ, მიუხედავად იმისა, ვის ეკუთვნოდა ეს გადაწყვეტილება. მე არც იმას ვამბობ, რატომ გააკეთა ეს ხელისუფლებამ. უბრალოდ, ჩემს თვალში ეს იყო არასწორი ჟესტი, განსაკუთრებით ამ წელს, მას შემდეგ, რაც ჩვენ ვიხილეთ ირანში“,- განუცხადა ისრაელის ელჩმა „ინტერპრესნიუსს“.

11 თებერვალს, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა. ამასთან, ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული დღისადმი (რევოლუციის წლისთავისადმი) მიძღვნილ მიღება, სადაც სიტყვით გამოვიდა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი