ახალი ამბები

რეალურად მეტროს 50 მემანქანეა ინფიცირებული — პროფკავშირი “ერთობა 2013”

25 ნოემბერი, 2020 • 935
რეალურად მეტროს 50 მემანქანეა ინფიცირებული — პროფკავშირი “ერთობა 2013”

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი “ერთობა 2013” სატრანსპორტო კომპანიის მიერ დღეს, 25 ნოემბერს, გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რეალურად მეტროს 50 მემანქანეა კორონავირუსით ინფიცირებული.

დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანია აცხადებდა, რომ მეტროს 20-მდე მემანქანეა ინფიცირებული.

“ერთობა 2013-ის” ინფორმაციით, ამ ეტაპზე მეტროს 68 თანამშრომელია ინფიცირებული.

“მათ [თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ] განაცხადეს, რომ თითქოს ოცამდე მემანქანეა დაინფიცერებული, რაც ცალსახად ამბობდა იმას, რომ ჩვენ არასწორ ინფორმაციას ვავრცელებთ და ხელოვნურად ვახდენთ სიტუაციის დრამატიზებას. რეალური ციფრი კი ასეთია კოვიდინფიცირებულებისა: მხოლოდ მემანქანეების მიმართულებით ორივე ხაზზე  50 მემანქანე, 5 მემანქანე ინსტრუქტორი, 2 მანევრის მემანქანე, 4 მემანქანის თანაშემწე, 2 დეპოს მორიგე, 5 საეჭვო პასუხი, რომლებმაც განმეორებითი ტესტი უნდა ჩაიტარონ. ამდენივე თვითიზოლიაციაშია. დანარჩენი უბრალო მათემატიკაა, 68 მხოლოდ დღეის მდგომარეობით, ხვალინდელ პასუხებსაც შეგატყობინებთ”, — ნათქვამია “ერთობა 2013-ის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მემანქანეების ხვალინდელ სამუშაო გრაფიკს  11 კაცი აკლია, რაც მათი თქმით, ნიშნავს, რომ რესურსი აღარაა და  მემანქანეების მოვალეობას ინსტრუქტორები ასრულებენ.

“ხალხი მუშაობს გადაბმულად, რაც უსაფრთხოების და ასევე დაინფიცირების მიმართულებით საფრთხის შემცველია. ახლა შევეხებით სხვა პოზიციებზე დასაქმებულებს, მაგალითად, მოძრაობის სამსახურის ხელმძღვანელმა დღეს სატელეფონო საუბარში ერთობა 2013-ის გამგეობის წევრს არ მიაწოდა ინფორმაცია ინფიცირებულების რაოდენობის შესახებ და გადაამისამრთა დირექციისკენ, ეს რაზე მეტყველებს, თქვენ განსაჯეთ. დაინფიცრებულია ათობით კონტროლიორი, სადგურის მორიგე, ბლოკსაგუშაგოს მორიგე და ა.შ. ასევეა ელექტრომექანიკურ სამსახურში, ენერგომომარაგების სამსახურში, გვირაბ-ნაგებობათა სამსახურში, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ყველა მიმართულებით საგანგაშო მდგომარეობაა”, — ნათქვამია “ერთობა 2013-ის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ერთობა 2013” სრულ პასუხისმგებლობას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორს და მენეჯმენტს აკისრებს და მოუწოდებს, რომ მიიღონ სასწრაფო ზომები და პასუხისმგებლობა აიღონ ყველა ინფიცირებულის მდგომარეობაზე.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მეტროს 20-მდე მემანქანეა ინფიცირებული. როგორც ნეტგაზეთს დღეს დილით კომპანიაში განუცხადეს,  ეს არაა მეტროს მუშაობის შეფერხების საფუძველი. მათივე ინფორმაციით, თვითიზოლაციაში იმყოფება მემანქანეთა გარკვეული ნაწილი.

აღნიშნული განმარტებები კომპანიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა, “ერთობა 2013-მა” განცხადება გაავრცელა, რომ მეტროს მემანქანეების და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია.

ინფიცირებულია მეტროს 20-მდე მემანქანე — სატრანსპორტო კომპანია

მასალების გადაბეჭდვის წესი