ახალი ამბები

ინფიცირებულია მეტროს 20-მდე მემანქანე — სატრანსპორტო კომპანია

25 ნოემბერი, 2020 • 814
ინფიცირებულია მეტროს 20-მდე მემანქანე — სატრანსპორტო კომპანია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მეტროს 20-მდე მემანქანეა ინფიცირებული.

როგორც ნეტგაზეთს კომპანიაში განუცხადეს,  ეს არაა მეტროს მუშაობის შეფერხების საფუძველი. მათივე ინფორმაციით, თვითიზოლაციაში იმყოფება მემანქანეთა გარკვეული ნაწილი.

აღნიშნული განმარტებები კომპანიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა, “ერთობა 2013-მა” განცხადება გაავრცელა, რომ მეტროს მემანქანეების და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია.

შექმნილ ვითარებაზე “ერთობა 2013” პასუხისმგებლობას სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორს და მენეჯმენტს აკისრებს და ვირუსის გავრცელების შესაკავებლად მკაცრი შეზღუდვის შემოღებას ითხოვს, მათ შორის საუბარია მეტროს მუშაობის რამდენიმე ხნით შეჩერებაზეც.

“ახლა არსებული სიტუაცია კი ურთულესია, მეტროს მემანქანეების და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. ეს იმ დროს, როდესაც საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ტელევიზიით გადაიცემა, რაც დამსაქმებელს მოუწოდებს, რომ თანამშრომლის ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, მოიძიოს მისი კონტაქტები და გადაიყვანოს თვითიზოლიაციაში. მეტროს შემთხვევაში კი ეს ხშირად არ ხორციელდებოდა. რამაც გამოიღო შედეგი და, როგორც აღვნიშნეთ, თანამშრომლების დიდი რაოდენობა დაინფიცირებულია, რომლებმაც თავის მხრივ დააინფიცირეს ოჯახის წევრები და არამარტო”, — ნათქვამია “ერთობა 2013-ის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ერთობა 2013-ის”განცხადებით, ისინი  სატრანსპორტო კომპანიას ჯერ კიდევ სექტემბერში სთავაზობდნენ ვირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების შემოღებას, თუმცა მათი წინადადება უყურადღებოდ დარჩა.

“შეთავაზება კი გულისხმობდა დილით, 7:00 საათზე მეტროს გახსნას და საღამოს, 21:00 ზე ჩაკეტვას. ასევე, ზაფხულის გრაფიკზე გადასვლას, რაც გულისხმობს შედარებით ნაკლები მატარებლის მოძრობას. ეს შეთავაზება გამოიწვევდა ნაკლები თანამშრომლის, მათ შორის მემაქანის საჭიროებას ყოველდღიურად, ვიდრე არსებულ სიტუაციაში”, — აცხადებს “ერთობა 2013”.

“ერთობა 2013-ის”განცხადებით, თანამშრომლებისათვის კოვიდის ტესტების ჩატარებაც მოითხოვეს, რეალუარად კი  ტესტი მეტროს თანამშორომლებს სისხლის ანალიზებზე  უკეთდებათ, რაც მათი თქმით, რეალურ სურათს ვერ ასახავს.

“რადგან დაინფიცირებიდან 5-7 დღის შემდეგ აჩვენებს ზუსტ პასუხს ხსენებული ტესტი. ანუ, სიმპტომის შემჩნევის მეორე დღეს მიდიოდნენ ტესტზე, სადაც პასუხი, რა თქმა უნდა, უარყოფითი იყო, დამშვიდებული და ,,ჯანმრთელი” თანამშრომელი ბრუნდებოდა სამსახურში, (რომელსაც სამი-ოთხი დღის შემდეგ PCR ტესტით დაუდასტურდა კოვიდი, რაც თავისი ხარჯებით გააკეთა) რომელიც იქცა სხვა თამშრომლების ინფიცირების წყაროდ”, — ნათქვამია “ერთობა 2013-ის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, გასულ კვირას, “ერთობა 2013-ის” თავმჯდომარის მოთხოვნით, მემანქანეები გააგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებაზე, რომელთა ნაწილს მეორე დღეს, სამუშაოს შესრულების დროს, დადებითი პასუხები მოუვიდათ.

კომპანიის განცხადებით, დაახლოებით 250 მემანქანე ჰყავს და არსებობს მემანქანეების რეზერვებიც.

“შეგვიძლია ეს რეზერვებიც გამოვიყენოთ და მაქსიმალური მობილიზება გავუკეთოთ. ეს 250 მემანქანე გვაძლევს საშუალებას, რომ მეტრომ იმუშაოს სრული დატვირთვით და არ გამოიწვიოს არანაირი სახის პარალიზება”, — აცხადებენ კომპანიაში.

რაც შეეხება “ერთობა 2013-ის” მიერ შეთავაზებულ გრაფიკს, კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს მათთვის მისაღები არ იყო, რადგან პანდემიის პირობებში მეტროში გაცილებით მეტი მგზავრის თავმოყრას შეუწყობდა ხელს.

“გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის პირობებში ჩვენ ვერ შევუწყობდით ხელს, რომ ყოფილიყო შემცირებული სამუშაო საათები. იმიტომ, რომ გავითვალისწინეთ მგზავრთა უსაფრთხოება. შესაბამისად, ვერ მოხდებოდა ვერც ინტერვალის შემცირება და ვერც მეტროს სამუშაო საათების შემცირება. თითოეული ასეთი დისკომფორტი გამოიწვევდა იმას, რომ გაცილებით მეტი მგზავრი მოიყრიდა თავს  როგორც ბაქანზე, ასევე, სადგურებში და მატარებლებშიც.

საკვანძო ობიექტებში და ადგილებში მაქსიმალურად არის დაცული უსაფრთხოების წესები. თბილისის მეტროსადგურებსაც და მატარებლებსაც უტარდებათ ყოველდღიური დეზინფექცია. გარდა ამისა, როგორც კი თანამშრომელს აქვს გარკვეული სიმპტომი, გვყავს კონტრაქტორი კომპანიები, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია, რომ თანამშრომლები გამოვიკვლიოთ როგორც PCR ტესტის საშუალებით, ასევე, სწრაფი ტესტებითაც”, — აცხადებენ კომპანიაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი