ახალი ამბები

პოლიტიკა პოლიტიკის საქმეა, ეკლესიას ეკლესიის საქმე აქვს — ვაშაძე მეუფე იაკობის შეთავაზებაზე

24 ნოემბერი, 2020 • 1049
პოლიტიკა პოლიტიკის საქმეა, ეკლესიას ეკლესიის საქმე აქვს — ვაშაძე მეუფე იაკობის შეთავაზებაზე

“სტრატეგია აღმაშნებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე პასუხობს ბოდბელი ეპისკოპოსის შეთავაზებას, რომ  პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ეკლესიასაც მიმართონ.

როგორც ვაშაძე ამბობს, საქართველო სეკულარული სახელმწიფოა და პოლიტიკურ მხარეებს დიალოგისათვის მოდერატორებიც ჰყავს.

“ჩვენ სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. პოლიტიკა პოლიტიკის საქმეა, ეკლესიას ეკლესიის საქმე აქვს და სხვადასხვა საკითხია. მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოდერატორები გვყავს. პრობლემა მოდერატორებში არ არის, პრობლემა “ქართულ ოცნებაშია”, რომელსაც არ უნდა ადეკვატურად დაინახოს პრობლემა, რომელიც ქვეყანაში არის”,— განაცხადა ვაშაძემ “ტვ პირველთან”.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შესახებ ისაუბრა. როგორც სასულიერო პირი ამბობს, კრიზის დასაძლევად “უცხოელებთან მისვლა არ კმარა”.

ის პოლიტიკურ მხარეებს სთავაზობს, რომ პრობლემის გადასაჭრელად ეკლესიასაც მიმართონ.

“არჩევნებმა უნდა გაგვაერთიანოს, კი არ უნდა გაგვყოს. ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ თუ გარეთ ვერ ვპოულობთ გამოსავალს, მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ და ეკლესია არის ის ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს გაერთიანება. ხომ ხედავენ, რომ არ ჩავრეულვართ არცერთ მხარეს ამ არჩევნებზე[…] ჩიხური მდგომარეობა, ძალით თუ არ შედიხარ  და ჩიხიდან გამოსვლა არ გინდა,  არ არსებობს”, — განაცხადა მეუფე იაკობმა.

ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ გააყალბა 31 ოქტომბრის საპარლამენტი არჩევნები, ამ მიზეზით, ისინი უარს ამბობენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე.  ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებები ორი რაუნდი გაიმართა. დაგეგმილია მესამე რაუნდის გამართვაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი