ახალი ამბები

დღეს შეზღუდვებზე გადაწყვეტილებები არ გვაქვს მიღებული – ცქიტიშვილი

24 ნოემბერი, 2020 • 920
დღეს შეზღუდვებზე გადაწყვეტილებები არ გვაქვს მიღებული – ცქიტიშვილი

საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, დღეს, 24 ნოემბერს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ახალი შეზღუდვების დაწესებაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ამის მიუხედავად, ცქიტიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება გარკვეულ “წერტილოვან შეზღუდვებს” განიხილავს და ეს ხდება ბიზნესის წარმომადგენლებთან კონსულტაციების პირობებში. ამის მაგალითად ვიცე-პრემიერმა 23 ნოემბერს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა დაასახელა.

“დღეის მდგომარეობით ჩვენ კონკრეტული გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით არ გვაქვს მიღებული. სამწუხაროდ, როგორც მედიასაშუალებებით, ასევე, საზოგადოებაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს გუშინ ან დღეს მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური “ლოქდაუნების” შესახებ. კიდევ მინდა ვთქვა, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას ფართო კონსულტაციების გზით, რასაც ჩვენ უკვე აქტიურად ვახორციელებთ და ეს პროცესი გაგრძელდება”, – აცხადებს ცქიტიშვილი.

კითხვაზე, რა შეზღუდვებს განიხილავს მთავრობა ამ დროისთვის, ცქიტიშვილი ამბობს, რომ შეზღუდვების მთავარი მიზანი “მობილობის შემცირება” იქნება:

“ეს, ერთი მხრივ, შესაძლოა იყოს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის საათების გაზრდა, მეორე მხრივ, სამუშაო ან არასამუშაო დღეების განმავლობაში გარკვეული სავაჭრო ობიექტების სამუშაოების შეჩერება ან მათი სამუშაო საათების რეგულირება.”

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3128 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი. 26 თებერვლიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 111 818 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 92 215 ადამიანი, ხოლო 1051 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი