საქართველოს მონიტორინგის საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები, ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი დღეს ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდობენ საპარლამენტო არჩევნების შედეგად მიღებული მანდატების მიღებისა და ახალი პარლამენტში შესვლისკენ.
”ამ არჩევნების შედეგად შეიქმნა მრავალფეროვანი პარლამენტი, სადაც მმართველი უმრავლესობა ძლიერი ოპოზიციის წინაშე აღმოჩნდება, რაც უზრუნველყოფს სათანადო საპარლამენტო კონტროლს. პარლამენტი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და გამოწვევების განხილვისათვის ერთადერთი შესაბამისი ადგილია. საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მიიღონ მანდატები, რომლებიც მოიპოვეს ამ არჩევნებში და შევიდნენ ახალ პარლამენტში”, — ნათქვამია თანამომხსენებლების განცხადებაში.
თანამომხსენებლები იზიარებენ არჩევნების შესახებ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნებსა და შეფასებას, რომლის შემადგენლობაში PACE-იც იყო და აღნიშნავენ, რომ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს დაფიქსირებული დარღვევების დიდი რაოდენობა, მათ შორის მუდმივი ბრალდებები საარჩევნო გადაცდომის შესახებ, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და ამომრჩევლებსა და პარტიის აქტივისტებზე ზეწოლა.
მათი თქმით, აღნიშნული ბრალდებები შესაბამისმა ორგანოებმა დაგამჭვირვაველედ და დამაკმაყოფილებლად უნდა გამოიკვლიონ.
“საქართველოში საარჩევნო გადაცდომებზე დაუსჯელობის აღქმა არ უნდა არსებობდეს. გარდა ამისა, დამკვირვებლების მიერ აღნიშნული ხარვეზები სრულად უნდა გამოსწორდეს. ამაში ახალ პარლამენტს მნიშვნელოვანი როლი აქვს”, — ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ გააყალბა 31 ოქტომბრის საპარლამენტი არჩევნები, ამ მიზეზით, ისინი უარს ამბობენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე.