ახალი ამბები

რა შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობს მთავრობა რესტორნებისთვის

23 ნოემბერი, 2020 • 1200
რა შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობს მთავრობა რესტორნებისთვის

დღეს, 23 ნოემბერს, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, შეხვედრაზე იმსჯელეს სფეროში არსებულ პრობლემებსა და მომავლისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზე.

შოთა ბურჯანაძის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს რესტორნებისთვის შაბათ-კვირას შეზღუდვების დაწესება, სხვა დღეებში კი სამუშაო საათების კიდევ უფრო შემცირება. როგორც ცნობილია, 22 საათის შემდეგ ისედაც გადაადგილების შეზღუდვა მოქმედებს.

“იყო საუბარი იმ შეზღუდვებზე, როგორიც არის გამოყნებული, მაგალითად, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში: შაბათ-კვირას შეზღუდვა ან კომენდანტის საათი, რომელიც დღეს, 22:00 საათზეა, გადაიწიოს კიდევ უფრო რამდენიმე საათით. აქ რესტორნების სფეროზე არის საუბარი და არა კომენდანტის საათზე, რომ სოციალური თავშეყრის ადგილები რაც შეიძლება ნაკლები იყოს და არ იყოს ეს დღის განმავლობაში ხშირი.

მაგრამ ჩვენი მხრიდან, სფეროს მხრიდან, მე მინდა ნათლად ვთქვა, რომ ეს შეზღუდვები  იმდენად უკვე წითელ ხაზს არის გადაცილებული, რომ… ბევრი რესტორანი წაგებაზე მუშაობს, იმიტომ, რომ უფრო მეტი გადასახადები ექნებათ არმუშაობის შემთხვევაში, ეს იჯარა იქნება თუ საბანკო ვალდებულებები, თუ თავისი სურვილით დაკეტავს რესტორანს”, — განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, სარესტორნო ბიზნესისთვის დამარტებითი შეზღუდვების დაწესება დამანგრეველი იქნება.

“ჩემგან ჩამოთვლილი ნებისმიერი შეზღუდვა რესტორნებისთვის ნიშნავს “ლოქდაუნს”. იმ შემთხვევაში, თუ თვითონ “ლოქდაუნი” გამოცხადდება, შეიძლება, ეს რესტორნის მფლობელისთვის გარკვეულწილად შეღავათი იყოს გარკვეული პერიოდისთვის. მაგრამ იმ დასაქმებულებისთვის, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ღებულობენ ხელფასს და მათი შემოსავალი ამით განისაზღვრება, მათთვის ეს უკიდურეს მდგომარეობამდე მიყვანა იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ დასაქმებულებზე უნდა ვიმსჯელოთ ახლა და უნდა შევძლოთ, რომ იმ დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც დღესდღეობით შენარჩუნებული გვყვას, მათ არ შეექმნათ ამ კუთხით გარკვეული პრობლემა”, — განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების შენელების კუთხით გასატარებელი დამატებითი ღონისძიებები და ამ პროცესში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება იყო მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა.
მათივე ცნობით, საუბარი შეეხო ქვეყანაში დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და დისკუსიის დროს ხაზი გაესვა, რომ ვირუსის გავრცელების მზარდი დინამიკის ფონზე გამოწვევებია სექტორში წესების დაცვის კუთხითაც.
როგორც მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, შესაძლო დამატებით წერტილოვან შეზღუდვებზე მსჯელობისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე, სრული “ლოქდაუნი” არ იგეგმება, რადგან სწორედ სამუშაო ადგილების შენარჩუნება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი