ახალი ამბები

“არჩევნების შემდეგ გავაკეთებ კომენტარს” – დატოვა თუ არა ცესკო პრესპიკერმა?

20 ნოემბერი, 2020 • 1778
“არჩევნების შემდეგ გავაკეთებ კომენტარს” – დატოვა თუ არა ცესკო პრესპიკერმა?

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 21 ნოემბერს დაგეგმილ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით საინფორმაციო ბრიფინგი ახალმა პრესპიკერმა ნათია იოსელიანმა გამართა.

მიუხედავად ამისა, ცესკო არ ადასტურებს ინფორმაციას ცესკოს პრესპიკერ ანა მიქელაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ და ამბობს, რომ იოსელიანი დროებით ასრულებს ანა მიქელაძის მოვალეობებს, რადგან ამ უკანასკნელს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ცესკოს ინფორმაციით, მიქელაძე რჩება ცესკოს გუნდის წევრად.

ანა მიქელაძე მედიასთან ბოლოს 2 ნოემბერს გამოჩნდა. მას შემდეგ ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგებს ადამიანური რესურსების მართვის ან იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები  მართავდნენ.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მიქელაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების გაყალბების გამო დატოვა.

თავად ანა მიქელაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას ცესკოდან წასვლის შესახებ და ამბობს, რომ არჩევნებამდე კომენტარის გაკეთება არ სურს.

“ამ ეტაპზე მე არ ვაკეთებ განცხადებას და თქვენ თვითონ ნახავდით დღევანდელ ბრიფინგს, სხვამ რომ ჩაატარა ბრიფინგი. ასევე, ხვალ, მთელი დღის განმავლობაში ის მოგაწოდებთ ინფორმაციას. პრესპიკერის ფუნქციებს არ ვასრულებ და დამატებითი ინფორმაცია თუკი გაინტერესებთ, პრესსამსახურს დაუკავშირდით. მე აუცილებლად გავაკეთებ ჩემზე კომენტარს, ოღონდ მოგვიანებით. მეორე ტურებია, საარჩევნო პროცესი არ დასრულებულა და არჩევნების წინ კომენტარს არ გავაკეთებ”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი