ახალი ამბები

ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობის შემთხვევაში, პოლიციას მყისიერი რეაგირება ექნება – საბანაძე

20 ნოემბერი, 2020 • 1177
ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობის შემთხვევაში, პოლიციას მყისიერი რეაგირება ექნება – საბანაძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებით, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დღეს, ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობა სცდება გამოხატვის თავისუფლებას და პოლიციას ამაზე მყისიერი რეაგირება ექნება.

როგორც დღეს, 20 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე საბანაძემ განაცხადა, ე.წ. სირცხვილის დერეფნის მოწყობით საარჩევნო ნების გამოხატვას ხელი ეშლება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების ორგანიზება, თავისი შინაარსით, აშკარად სცდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, არღვევს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, რადგან ერთმნიშვნელოვნად მიზნად ისახავს საარჩევნო ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას და პირდაპირ ახდენს ზემოქმედებას ამომრჩეველზე, რათა აიძულოს იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შესაბამისი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, რომ მათი მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, პოლიცია მყისიერად იმოქმედებს სისხლის სამართლის დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში”, – აცხადებს საბანაძე.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემა ბრიფინზე ასევე ისაუბრა არჩევნების მეორე ტურის უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე, რომელშიც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობას არ იღებენ.

კახაბერ საბანაძე ამბობს, რომ უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები. 21 ნოემბერს, ისევე, როგორც საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, ეს ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად იქნებიან მობილიზებული და დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

“ასევე, მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს თუ ორგანიზაციას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას”,-აცხადებს საბანაძე.

21 ნოემბერს საქართველოში 17 სამაჟორიტარო ოლქში არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. ოპოზიციის არცერთი კანდიდატი მეორე ტურებში მონაწილეობას არ აპირებს.

15 ნოემბერს, ბათუმში გამართულ აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, რომ მეორე ტურებზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორები უნდა მოაწყონ. ამ იდეას არ იზიარებს როგორც ოპოზიციის ნაწილი, ასევე, “ნაციონალური მოძრაობის” ზოგიერთი წევრიც.

ვინ (არ) ემიჯნება II ტურებზე სირცხვილის კორიდორის ინიციატივას

მასალების გადაბეჭდვის წესი