ახალი ამბები

ვინ (არ) ემიჯნება II ტურებზე სირცხვილის კორიდორის ინიციატივას

16 ნოემბერი, 2020 • 1568
ვინ (არ) ემიჯნება II ტურებზე სირცხვილის კორიდორის ინიციატივას

21 ნოემბერს საქართველოში 17 სამაჟორიტარო ოლქში არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს. როგორც ცნობილია, ოპოზიციის არცერთი კანდიდატი მეორე ტურებში მონაწილეობას არ აპირებს. ოპოზიცია მეორე ტურების დღესთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას განიხილავს.

გუშინ, 15 ნოემბერს, ბათუმში გამართულ აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, რომ მეორე ტურებზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორები უნდა მოაწყონ.

ამ იდეას არ იზიარებს როგორც ოპოზიციის ნაწილი, ასევე, “ნაციონალური მოძრაობის” ზოგიერთი წევრიც. ენმ-ის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, “ის პოლიტიკოსები, ვინც სხვის ამომრჩეველს იმდენივე პატივს არ სცემენ, რამდენსაც საკუთარს, ვერავის ნდობას ვერ დაიმსახურებენ”.

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი, ხათუნა სამნიძე, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნეში ენმ-სთან ერთ ბლოკშია გაერთიანებული, ამბობს, რომ მათ მოქალაქეების ხმების დაცვა დაისახეს მიზნად და “არა სირცხვილის კორიდორებით მოქალაქეებზე თავდასხმა და მათი ნების შეზღუდვა”.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას აზრით, ამომრჩევლისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობა მთავრობას მომგებიან პიარს გააკეთებინებს. მისი თქმით, მათი პარტია სირცხვილის კორიდორებში მონაწილეობას არ მიიღებს.

“ნაციონალურ მოძრაობას გადაუწყვეტია, რომ სიცრცხვილის კორიდორები გააკეთოს არჩევნებზე, მისი უფლებაა. შეცდომად მიმაჩნია ამ ტიპის პროტესტი, არა იმიტომ, რომ ამის უფლება არ აქვთ, არასწორად მიგვაჩნია. იმიტომ, რომ თუკი ასეთი ხალხი არსებობს, ვინც გულწრფელად მხარდამჭერია “ოცნების”, მათთვის ფიზიკურად ან თუნცაც ვერბალურად ხელის შეშლა ან ზღვარზე ყოფნა, ჩემი აზრით, მთავრობას მომგებიან პიარს გააკეთებინებს “, — განაცხადა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველთან”.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, სირცხვილის დერეფანი საარჩევნო უბნებთან სახელმწიფოებრივი უკულტურობის ახალი ნიშნული იქნება.

“არჩევნების დღე მოქალაქის დღეა, მათ შორის, იმ მოქალაქისაც, რომელიც ჩემი აზრით, მცდარ ნაბიჯს დგამს. ამ ერთ დღემდე 4 წელი გვქონდა პოლიტიკოსებს იმისათვის, რომ მოქალაქე დაგვერწმუნებინა, გაგვემაგრებინა, დაგვეცვა. და თუ ეს ვერ შევძელით და თუ ჩვენ შორის ვინმეს უნდა რცხვენოდეს, უნდა გვრცხვენოდეს ჩვენ – პოლიტიკური პროცესის 1460 დღისთვის, და არა მას – არჩევნების ერთი დღისთვის”, — წერს უსუფაშვილი.

მეორე ტურების დღეს ამომრჩევლისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას არც “გირჩი” აპირებს.

“გირჩი” არ აწყობს სირცხვილის დერეფანს. ნებისმიერი მშვიდობიანი პროტესტი მისაღებია, როდესაც არჩევნებს მოგპარავენ. რომელიღაც პარტიას თუ უნდა რამე მსგავსის გაკეთება, უნდა და გააკეთებს“, — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

სირცხვილის კორიდორში მონაწილეობას არ აპირებს “სტრატეგია აღმაშენებელიც”.

“მე არ ვაპირებ, რომელიმე პარტია ცალკე რას ამბობს და რა ინიციატივით გამოდის, ეს არის იმ პარტიის საქმე. ეს არ ნიშნავს, რომ მე ამას ვეთანხმები. ჩვენ საერთო ფორმატში რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ, ყველას აზრის გათვალისწინებით, მხოლოდ ის ფორმა გვექნება. მე არ ვიცი, საერთოდ რას გულისხმობს სირცხვილის დერეფენების ხალხისთვის გაკეთება”, — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინიციატივას არ ემხრობა პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილიც. მისი თქმით, ნებისმიერი პარტიის, მათ შორის “ოცნების” გულწრფელ მხარდამჭერებს და მათ ნებას პატივს სცემს და სირცხვილის დერეფნების მოწყობას კატეგორიულად არ ეთანხმება:

“21 ნოემბერს, საარჩევნო უბნებთან “ქართული ოცნების” მხარდაჭერებისთვის სირცხვილის დერეფნების მოწყობას კატეგორიულად არ ვეთანხმები! ნებისმიერი პარტიის, მათ შორის “ოცნების” გუწრფელ მხარდამჭერებს და მათ ნებას პატივს ვცემ. მინდა რომ ნელ ნელა, თანდათან სიძულვილი საერთოდ გაქრეს ჩვენი პოლიტიკური სივრციდან და აქ მხოლოდ იდეების ჭიდილი იყოს. ჩემთვის არჩევნების ბინძურად ჩატარებაა მიუღებელი და არა რომელიმე მოქალაქის მიერ ვინმეს სასარგებლოდ პოზიციის დაფიქსირება” – ამბობს ელისაშვილი.

პარტია “ტრიბუნის” ერთ-ერთი წევრი კოტე კემულარია ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ამომრჩევლებს არ ერჩიან.

“ჩვენ არ ვუშლით ხელს ამომრჩეველს.  “ოცნების” ამომრჩევლებიც ჩვენი მოქალაქეები არიან. ასე რომ, ჩვენ არ ვერჩით ამომრჩევლებს”, — განაცხადა კემულარიამ.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ კორიდორების საკითზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

“სირცხვილის კორიდორიც კარგი რამეა, რადგანაც იმ საარჩევნო უბანზე მიემართება უამრავი ქვეყნით მოვაჭრე. ის ხალხი, ვინც გაგვიყალბა და თავის ხმა გაყიდა. რიგითი ამომრჩეველი, ვისაც საქართველო უყვარს, ამ გაყალბებისა და თავზე ლაფის დასხმის შემდეგ, საარჩევნო უბნისკენ არ უნდა წავიდეს, თუ არ ჩატარდა ხელახალი არჩევნები. უნდა რცხვენოდეს ყველას, ვინც ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივ ძალას ხაზავს. მაგრამ კორიდორების საკითხზე ჩვენ არ მიგვიღია გადაწყვეტილება”, — აცხადებს ნათელაშვილი.

“ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე კი ამბობს, რომ ეს არა იმდენად სირცხვილის კორიდორია, რამდენადაც “უფრო გამოფხიზლებისა”. მისი თქმით, ამომრჩეველი, რომელიც სირცხვილის კორიდორს გაივლის, თავად მიხვდება, მას ეკუთვნის თუ არა “შეურაცხყოფა”.

“თუ რომელიღაც ამომრჩეველს მიაჩნია, რომ ოცნების ხმა დაცული უნდა იყოს და ბურჯანაძის, მელიას, უგულავას ან ნებისმიერი სხვა პარტიის ხმა მოპარული უნდა იყოს, თუ ასე თვლის რომელიღაც ამომრჩეველი და ნორმალურად მიაჩნია, რომ საქართველოში ხმებს იპარავენ, ოფისები იწვება და თავში ურტყამენ ადამიანებს, მაშინ ასეთმა ამომრჩეველმა უნდა გაიაროს სირცხვილის კორიდორში. მაგრამ რიგითმა ამომრჩეველმა, რომელსაც სურს სამართლიანი არჩევნები, მაგრამ მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, მას ამის უფლება აქვს. თვითონ მიხვდება ადამიანი. რომ გაივლით, შეურაცხყოფა თუ გეკუთვნით, მიიღებთ, თუ არ გეკუთვნით, არ მიიღებთ”, — აცხადებს ბურჯანაძე.

ინიციატივას ეხმაურება “ქართული ოცნებაც”.  პარტიის წევრმა ბექა დავითულიანმა  დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე იმ პოლიტიკურ სუბიექტებს მოუწოდა, რომ მეორე ტურების დღეს ამომრჩევლებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობის შესახებ საკუთარი პოზიცია მკაფიოდ გამოხატონ.

“დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების წყარო ხალხია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი დაანონსებული კამპანიით ცდილობს აუკრძალოს მოქალაქეს, დააფიქსიროს საკუთარი პოლიტიკური არჩევანი, გახდნენ ხელისუფლების წყარო. ხალხისთვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევა და მათი არჩევანის ძალადობრივი გზით მიიტაცება მათი ხელწერაა. ისინი ამას აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნისას, ისინი იგივეს ცდილობენ ოპოზიციის რიგებიდან. ეს არის დემოკრატიასთან ყოველად შეუთავსებელი, ავტორიტარული ქმედება, საგანგაშო მოვლენა და საჭიროებს ძალიან მკაცრ და მკაფიო შეფასებას”, — აცხადებს დავითულიანი.

ოპოზიცია მეორე ტურის დროს საარჩევნო უბნებზე სირცხვილის კორიდორების მოწყობას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია ენმ-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან ვარშალომიძემ ბათუმში მიმდინარე აქციაზე გაავრცელა.

“373 საარჩევნო უბანია აჭარაში. არჩევნებზე მივიდეთ ყველა  უბანთან და გავაკეთოთ სირცხვილის კორიდორები” ,– უთხრა აქციის მონაწილეებს ლევან ვარშალომიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი