ახალი ამბები

ცილისწამებაა – კობიაშვილი მხარდამჭერებისთვის „სუფრის გაშლის“ ბრალდებაზე

20 ნოემბერი, 2020 • 1023
ცილისწამებაა – კობიაშვილი მხარდამჭერებისთვის „სუფრის გაშლის“ ბრალდებაზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი ცილისწამებას უწოდებს „მთავარი არხის“ გავრცელებულ ინფორმაციას მის მიერ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის „სუფრის გაშლაზე“.

„მთავარმა არხმა“ 19 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლევან კობიაშვილმა „გლდანში სუფრა საიდუმლო ვითარებაში გაშალა და საკუთრი მომხრეები და აქტივისტები დაპატიჟა“.

კობიაშვილთან კავშირს ის ადამიანები უარყოფენ, ვინც სიუჟეტში მოხვდნენ. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც მედიებთან სახეს ფარავდა, ჟურნალისტებს ეუბნება:

„თქვენზე დიდი აგრესორი არ არსებობს. დროის გატარებას არ გვაცდით, ჩვენს სტუმრებს აწუხებთ და იქცევით ძალიან თავხედურად“. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ ვინ არის ის, პასუხობს: „პოღოსა მქვია“.

კიდევ ერთი ქალი ამბობს, რომ „მეგობრის დაბადების დღეზე“ იყო და ლევან კობიაშვილი არაფერ შუაშია.

იქვე იმყოფებოდა შაკო კუჭაშვილი, რომელიც საზოგადოებისთვის ჯერ  ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციებიდან გახდა ცნობილი, შემდეგ კი, ზვიად კუპრავასთან უთანხმოების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილის არჩევნებშიც აქტიურად მონაწილეობდა, იყო მოძრაობის, „არა ნაცებს“ წევრი.

ჟურნალისტის კითხვაზე შაკო კუჭაშვილი ამბობს, რომ „ნიკანორ მელიას ქელეხში“ იმყოფებოდა.

მოგვიანებით ამ სიუჟეტს ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა და ფეისბუკზე დაწერა, რომ მისთვის „მიუღებელია ის ძალიან სუსტი, შეთითხნილი და ზოგ შემთხვევაში სასაცილო ბრალდებები, რომელიც ამ დღეების განმავლობაში“ ისმის ტელეარხებიდან.

„ახლა ვუყურე ტელეკომპანია მთავარის ეთერში გასულ სიუჟეტს ჩემ შესახებ, თითქოს რესტორანში სუფრებს ვუშლი ქართული ოცნების მხარდამჭერებს. ეს არის მორიგი ტყუილი, ცილისწამება და არცერთი სიტყვა არ შეესაბამება სიმართლეს. სამარცხვინოა“, – წერს კობიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი