ახალი ამბები

20 ნოემბრიდან ოპოზიციის ლიდერები ცალ-ცალკე შეხვდებიან ფასილიტატორებს

19 ნოემბერი, 2020 • 913
20 ნოემბრიდან ოპოზიციის ლიდერები ცალ-ცალკე შეხვდებიან ფასილიტატორებს

20 ნოემბრიდან ოპოზიციის ლიდერები ფასილიტატორებს — აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს — ინდივიდუალურად შეხვდებიან.

ეს ინფორმაცია 19 ნოემბერს გაავრცელა ტვ პირველის წამყვანმა ინგა გრიგოლიამ და იმავე ეთერში დაადასტურეს ოპოზიციის ლიდერებმა.

მას შემდეგ, რაც გრიგოლიამ თქვა, რომ ფასილიტატორებთან ოპოზიციის ლიდერები ცალ-ცალკე დაიბარეს, „გირჩის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ იკითხა: „უკვე გაბაზრდა“?

ირაკლი ოქრუაშვილმა დააზუსტა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკებები ცალ-ცალკე დაგეგმილია არა ხელისუფლებასთან, არამედ ფასილიტატორებთან.

„ქართული ოცნება“ და ოპოზიციური პარტიები ბოლო პერიოდში ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს მოლაპარაკებებზე აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში.

სერგი კაპანაძემ კი „რუსთავი 2-ის“ ეთერში თქვა, რომ შეხვედრის შინაარსი და თემატიკა იგივეა, მაგრამ „ეს პირველი ასეთი შეხვედრა არ არის, რაუნდებს შორის ეს რეგულარული ფორმატია, შეხვედრების გაგრძელება ინდივიდუალურად ელჩებთან“.

კაპანაძის თქმით, დარწმუნებულია, რომ ასევე აქვთ ფასილიტატორებს შეხვედრები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან.

ალეკო ელისაშვილმა ტვ პირველის ეთერში თქვა, „სიტყვა გვაქვს ნათქვამი“, რომ მოლაპარაკებების დეტალებზე საჯაროდ არ ვისაუბრებთო.

ელისაშვილის თქმითვე, ფასილიტატორებს კრიზისის განმუხტვა სურთ და ოპოზიციაც ეთანხმება.

არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და მთავარი მოთხოვნებდ ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და ცესკოს შემადგენლობის ცვლილებას ასახელებენ.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერსაა დანიშნული, თუმცა ოპოზიციური პარტიები მასში მონაწილეობას არ იღებენ.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახი კალაძემ დღეს ოპოზიციას მიმართა და „პოლარიზაციის დასრულება“ და პარლამენტში შესვლა შესთავაზა:

„მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, მოვუსმინოთ ჩვენი მეგობრების (აშშ-ს, ეუთო-ოდირის და სხვ.) რჩევას, ნუ გავზრდით რისკებს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დღეს ისედაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას“.

18 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა:

„იბრძოლონ ცვლილებებისთვის პარლამენტში. ნუ გაიმეორებენ ბოიკოტს, — რადგან მათი ერთგვარი რეფლექსიაა ქუჩაში გასვლა და ბოიკოტი. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ იბრძოლონ ცვლილებებისთვის შიგნიდან“.

აშშ-ის სახ.დეპ-ის პოზიცია არჩევნებზე სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი