ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ და ოპოზიცია ერთმანეთს კვლავ დეგნანის რეზიდენციაში ხვდებიან

14 ნოემბერი, 2020 • 894
„ქართული ოცნება“ და ოპოზიცია ერთმანეთს კვლავ დეგნანის რეზიდენციაში ხვდებიან

“ქართული ოცნებისა” და ოპოზიციური, ბარიერგადალახული პარტიების ლიდერები ერთმანეთს აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში, უკვე მეორედ ხვდებიან. მხარეები რეზიდენციაში მოსალაპარაკებლად დღეს, 14 ნოემბერს, დაახლოებით, 11:00 საათისათვის შევიდნენ. არჩილ თალაკვაძეს, რომელიც “ოცნებას” წარმოადგენს, კომენტარი არ გაუკეთებია, ოპოზიციის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ მათი შემდგომი ნაბიჯები მთავრობის მოქმედებებზეა დამოკიდებული.

მოლაპარაკებების მეორე რაუნდი იმართება ოპოზიციის რამდენიმე საათით ადრე ოპიზიციის აქციამდე, რომელიც კვლავ  პარლამენტის წინ არის დაგეგმილი.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ვითარება მეტად გაართულა ცესკოს 13 ნოემბრის გადაწყვეტილებამ, როცა კომისიამ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული არცერთი საჩივარი დააკმაყოფილა და მეორე ტური დანიშნა.

“რა თქმა უნდა, დაველოდებით, რას წარმოადგენს “ქართული ოცნება”, მაგრამ დიალოგის პროცესი ძალიან გაართულა ცესკოს მიერ გუშინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც მიიღეს ვადების დაჩქარებით, სასამართლოს უფლების წართმევით ოპოზიციისთვის და კანონის პირდაპირი დარღვევით.

ეს არის რეალური პასუხი ხელისუფლების მხრიდან აქ მიმდინარე დიალოგზე და სიტუაციის ნორმალიზების მცდელობაზე. ამიტომ, ისედაც რთული დიალოგის პროცესი კიდევ უფრო გართულდა. დანარჩენს დაველოდოთ და შევხედოთ. ჩვენ შევდივართ იმ განწყობით, რომ მოვძებნოთ გამოსავალი და ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან”, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია “ოცნებისგან” “გონივრულ კომპრომისსა” და “ადეკვატურ წინადადებას” ელის, შემდგომი სტაბილურობისთვის. კითხვას, რა შეიძლება იყოს ეს წინადადება და არის თუ არა ეს ხელახალი არჩევნები ან ხმების გადათვლა, ელისაშვილმა უპასუხა:

“დეტალებზე არ მინდა ლაპარაკი. ვნახოთ, მოვისმენთ”.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა და “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა აღნიშნეს, რომ ხმების გადათვლას აზრი არ აქვს და ისინი ახალ არჩევნებს მოითხოვენ.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებიან “ლელოს”, “ნაციონალური მოძრაობისა” და “გირჩის” ლიდერები.

“ფორმულას” ინფორმაციით, მოლაპარაკებებს  ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელიც ესწრება.


ამ დრომდე, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნები ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და “ცესკოს” შემადგენლობის ცვლილებას მოიცავს.

ცესკოს ეზოში მოქალაქეები ქაღალდებს ისვრიან წარწერით “ქვა”

მასალების გადაბეჭდვის წესი