ახალი ამბებირეკლამა

ლიბერთისა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ერთობლივი პროექტი იწყება

19 ნოემბერი, 2020 •
ლიბერთისა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ერთობლივი პროექტი იწყება

დღეს, ლიბერთი ბანკსა და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამ თანამშრომლობის მიზანია კოორდინირებული საქმიანობით, თხილის მწარმოებელ ფერმერთა ხელშეწყობა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ჩამოყალიბება.

„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასა და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში, ქართველი მეთხილე ფერმერებისათვის იქმნება ახალი შესაძლებლობები. აგრო ბარათის საშუალებით ფერმერები შეძლებენ წლის განმავლობაში ნებისმიერ ეტაპზე იქონიონ ფინანსურ რესურსებზე წვდომა შეღავათიანი პირობებით, შეიძინონ საბრუნავი საშუალებები და დააფინანსონ საოპერაციო ხარჯები აგროტექნიკური ვადების სრული დაცვით, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსავლის რაოდენობასა და ხარისხს, შეამცირებს რისკებს და დანაკარგებს.  ასოციაციის მიზანს წარმოადგენს ახალი ბაღების გაშენებით და უკვე არსებული თხილის ბაღების მოდერნიზაციის საშუალებით გავაორმაგოთ ექსპორტირებული თხილის მოცულობა (100 000 ტონაზე მეტი) და მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ ხარისხი, რაც ყოველწლიურად დამატებით 1 მლრდ ლარის შემოსავალს მოუტანს ქართველ ფერმერებს და ქვეყნის ეკონომიკას.“ – გიორგი თოდუა, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორი.

,,ლიბერთი განაგრძობს მცირე ბიზნესისა და აგრო სექტორის მხარდაჭერას, რაც ბანკის ახალი სტრატეგიის ერთერთ მნიშვნელოვან  მიმართულებას წარმოადგენს. მეთხილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის წამყვანი სექტორია და თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან პარტნიორობა ჩვენთვის წინ გადადგმული ნაბიჯია აგრო სექტორის მომსახურების მიმართულებით. ამ პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ მზად ვართ 25 000-მდე ქართველ მეთხილე ფერმერს გავუმარტივოთ ფინანსურ რესურსებზე წვდომა და ერთი ფანჯრის პრინციპით, ძალიან მარტივად შევთავაზოთ სხვადასხვა საბანკო და სადაზღვევო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით. თავის მხრივ, იაფი ფინანსური რესურსი საშუალებას მისცემს მეთხილე ფერმერებს კიდევ უფრო გააფართოვონ თავისი საქმიანობა, ბიზნესი გახადონ რენტაბელური, დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები და ყველამ ერთად კი, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარებაში.“- ირაკლი აბაშიძე, ლიბერთი ბანკის MSME მიმართულების დირექტორის მოადგილე.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია შეიქმნა 2013 წელს. ამ დროისთვის აერთიანებს 25,000-მდე წევრს სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და კახეთის მაშტაბით, ფერმერები გაერთიანებულნი არიან 2600 სამუშაო ჯგუფში. ასოციაციის ძირითადი მიზანია საქართველოში თხილის მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება, თხილის ხარისხის გაუმჯობესება და წარმოების გაზრდა. დღეის მდგომარეობით თხილის მწარმოებელ ფერმერებს ემსახურებიან ასოციაციის კვალიფიციური აგრონომები, რომლებიც სეზონის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში არიან ჩართულნი ფერმერების კონსულტირების პროცესში, აძლევენ მათ რეკომენდაციებს და აკვირდებიან მათ მიერ თხილის ბაღებში შესრულებულ სამუშაოებს. გარდა აგრონომის მომსახურებისა, ასოციაციის წევრები სარგებლობენ შეღავათებით სხვადასხვა სერვისების მისაღებად, მათ შორის: ნიადაგის გამოკვლევა, პესტიციდები, შესაწამლი ტექნიკით უზრუნველყოფა, მოსავლის გარჩევა/შრობა/შენახვა და ა.შ. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად 2020 წლის სეზონზე მიღებული მოსავლის მოცულობამ გადააჭარბა პროგნოზირებულ 50 000 ტონას, რითაც საქართველომ მსოფლიო ბაზარზე დაიბრუნა აზიური ფაროსანას ინვაზიამდე არსებული პოზიციები.


ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 570 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი