ახალი ამბებისამართალი

“კლანმა” თავისი ხალხით შექმნა მოსამართლეები — ჯანეზაშვილი ახალ მოსამართლეებზე

19 ნოემბერი, 2020 • 2651
“კლანმა” თავისი ხალხით შექმნა მოსამართლეები — ჯანეზაშვილი ახალ მოსამართლეებზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ საბჭოს მიერ დანიშნული 36 მოსამართლიდან დიდ ნაწილს მისი ნდობა არ აქვს.

როგორც ჯანეზაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, გუშინ, 18 ნოემბერს, დანიშნული 36 მოსამართლიდან 23 ადამიანი სასამართლო სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა და ისინი არიან სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეების, ე.წ. კლანის ნდობით აღჭურვილი პირები.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 36-კაციან სიაში უმეტესობა ახალი კადრებია, ისინი არიან არა გარედან მოსული სპეციალისტები, არამედ ე.წ.. კლანის მიერ გამოზრდილი ადამიანები.

როგორც ჯანეზაშვილი ამბობს, იმისათვის, რომ ამ ადამიანებს საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ, ჯერ იუსტიციის სკოლაში ჩარიცხეს, დაელოდნენ მათ მიერ სკოლის დამთავრებას და საბოლოოდ  მიიღეს ე.წ. კლანის მიერ “შექმნილი” მოსამართლეები.

თუმცა, მისი შეფასებით, ამ სიაში ძალიან მცირე რაოდენობით  “კარგი” მოქმედი  და ყოფილი მოსამართლეებიც მოხვდნენ.

“იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 36 ადამიანი დანიშნა მოსამართლის თანამდებობაზე. რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ, ეს არის მნიშვნელოვანი. 2018 წლიდან 2020 წლამდე კონკურსი საერთოდ არ გამოცხადებულა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემას მოსამართლეები სჭირდებოდა. რა იყო ამის მიზეზი? — ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ელოდებოდა თავისივე თანამშრომლების ანუ სასამართლო სისტემაში დასაქმებული ადამიანების მხრიდან იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრებას, იმისათვის, რომ მათ საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ.

36 ადამიანიდან 23 ისეთი მოსამართლე არის, რომელიც სასამართლო სისტემაში სხვადასხვა დროს მუშაობდა, მაგალითად, მდივნებად, თანაშემწეებად, ა.შ. და იუსტიციიის უმაღლესი სკოლა დაამთავრეს 2019-2020 წლებში.  ეს ხალხი რეალურად შექმნეს, ასე შეიძლება დავარქვათ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და კლანმა იმისთვის, რომ თავისივე სანდო ადამიანებით გაეჯერებინათ სასამართლო სისტემა. ეს არის ამ ყველაფრის მთავარი ხაზი”, — აცხადებს ჯანეზაშვილი.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, სასამართლოს  კარი  პროფესიონალებისთვის დახურულია და მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილებზე კონკურნეციაც დაბალი იყო.

“კონკურენცია იყო ძალიან დაბალი, ანუ დაახლოებით 100 ვაკანსიაზე ჩვენ 65 ადამიანი გვყავდა, საბოლოო ჯამში. ერთ ადგილზე ერთი ადამიანიც კი არ მოდიოდა. პრობლემაც სწორედ ეს არის, რომ თუ სასამართლო რეფორმა წარმატებულია, თუ სასამართლოში მართლა სერიოზული ძვრები მოხდა იმ ტალღოვანი რეფორმების შედეგად, რატომ არ შემოდის მაშინ ღირსეული ხალხი? რატომ არ მოდიან გამოცდილი იურისტები? ჩაკეტილია სისტემა გამოცდილებისთვის და ეს გადაწყვეტილება, რაც საბჭომ მიიღო, ამას მოწმობს”, — ამბობს ის.

როგორც ის ამბობს, მოსამართლეობისთვის მხოლოდ იუსტიციის სკოლის დამთავრება და რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება მინიმალური მოთხოვნებია და საკმარისი არ არის. მისი თქმით, მოსამართლედ რომ შედგეს ადამიანი, მას ძალიან სერიოზული რეპუტაცია სჭირდება არა მხოლოდ იურიდიულ წრეებში, საზოგადოებაში, უნდა ენდობოდეს ხალხი, იმიტომ, რომ მათი ბედი უნდა გადაწყვიტოს”.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 36 მოსამართლე დანიშნა.  მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გუშინ, 18 ნოემბერს, გაიმართა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი სააპელაციო და რაიონულ(საქალაქო) სასამართლოებში არსებულ 99 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოაცხადა. კონკურსში 68 კონკურსანტი მონაწილეობდა, კენჭისყრის ეტაპზე 65 კანდიდატი გადავიდა.

ნაზი ჯანეზაშვილს გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი და მოუწოდა, რომ “თავი დაანებოს ცილისწამებას, მოსამართლეების შეურაცხყოფას”.

გრიტიშვილის თქმით, ტყუილია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსს 2 წლის განმავლობაში არ აცხადებდა. მისი თქმით, წინა კონკურსი 2019 წლის 24 მაისს დასრულდა, გუშინ დასრულებული კონკურსი კი  2020 წლის 26 ივნისს გამოცხადდა და სინამდვილეში წყვეტა არის ერთი და არა ორი წელი.

“ამ 1-წლიან წყვეტასაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა პირველი, ისტორიული პროცედურის ორგანიზება, რომელიც სწორედ 2019 წლის პირველ მაისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან დაიწყო და რამდენიმე თვის მანძილზე გრძელდებოდა. ამას მოჰყვა ახალ კორონავისრუსთან დაკავშირებული შეზღუდვები 2020 წლის იანვრიდან, მარტიდან 23 მაისამდე ქვეყანაში საერთოდაც საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა და ა.შ.”, — წერს გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ტყუილია ისიც, რომ სასამართლო ჩაკეტილი სისტემაა. როგორც გვრიტიშვილი ამბობს, სასამართლოს კონკურსებში მონაწილეობის თვალსაზრისით იურიდიული წრეებიდან ნაკლები ინტერესია.

“თუ ვინმეს დაინტერესება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ნაკლებია, ალბათ იმიტომ, რომ საკუთარი თავის იმედი არ აქვთ – დააკმაყოფილებენ თუ არა კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ანდაც – არ უღირთ კერძო სექტორიდან სასამართლოში სამუშაოდ გადმოსვლა, რადგან პასუხისმგებლობაც განუზომლად დიდია და იციან, რომ ასევე მოუწევთ ჯანეზაშვილისნაირი სუბიექტებისგან უსაფუძვლო თავდასხმების, ცილისწამებების მოსმენა”, — წერს გვრიტიშვილი.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 36 მოსამართლე დანიშნა

მასალების გადაბეჭდვის წესი