ახალი ამბები

პარლამენტში შესვლის შემთხვევაში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იყო საუბარი — სალაძე რიკერთან შეხვედრაზე

19 ნოემბერი, 2020 • 855
პარლამენტში შესვლის შემთხვევაში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იყო საუბარი — სალაძე რიკერთან შეხვედრაზე

გუშინ, 18 ნოემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემე ფილიპ რიკერსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის ონლაინშეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, სულხან სალაძემ განაცხადა, ფილიპ რიკერთან ერთ-ერთი განსახილველი თემა საპარლამენტო არჩევნები იყო.

მისი თქმით, საუბარი იყო იმის შესახებ,  თუ რა ბერკეტები შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, მათ შორის, საგამოძიებო კომისიის შექმნაზეც.

“იყო საუბარი იმაზე, რა ბერკეტები შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას, მათ შორის, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, რა მექანიზმები შეიძლება მან გამოიყენოს შემდგომისათვის. მაგალითად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, სრული მანდატი ამ კომისიის და წვდომა ყველა ინფორმაციაზე და პროცესის გამჭვირვალობა და დაკომენტურად კიდევ უფრო გამყარება და მეტი შესაძლებლობები, რაზეც ახლა ოპოზიცია საუბრობს თუნდაც გაყალბების ნაწილში.

არ არის მხოლოდ დროებითი საგამოძიებო კომისია. როცა ვლაპარაკობთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებზე, კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე, ცხადია, ამის შანსი უფრო მეტი არის, როდესაც ოპოზიციაც პარლამენტში იქნება, ვიდრე ის, რომ მხოლოდ მმართველ პარტიას დაუტოვოს ოპოზიციამ ეს შესაძლებლობაც და საშუალებაც საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების კუთხით”, — განუცხადა “რუსთავი 2-ს” სალაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრამდე, გუშინ ფილიპ რიკერმა შეხვედრა გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.ფილიპ რიკერთან შეხვედრას წინ უძღოდა მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, შემდეგ კი, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელშიც არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს და ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

მოწოდებას ჟურნალისტებთან საუბრისას უკვე გამოეხმაურნენ “ლეიბორისტული პარტიისა” და “ევროპული საქართველოს”  ლიდერები. მათ ბოიკოტის გადაწყვეტილების გადახედვა გამორიცხეს. რიკერთან შეხვედრის შემდეგ, ალტერნარტიული არჩევნები ერთადერთ გამოსავლად დაასახელა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი