5 ოპოზიციური პარტია- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “ლელო”, “გირჩი” და “სტრატეგია აღმაშენებელი”- კობახიძის შეთავაზებას დებატებთან დაკავშირებით პასუხობს და საკუთარ პირობებს აცნობს.
პარტიებში აცხადებენ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”, სადაც დებატების გამართვა კობახიძის შეთავაზების ნაწილია, პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მატარებელია:
“ივანიშვილის რეჟიმმა დიდი ხანია უარი თქვა ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის წარმართვასა და მასში მონაწილეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალ ქვეყნებში დებატები წინასაარჩევნო პროცესის აუცილებელი ნაწილია, საპარლამენტო არჩევნებამდე ოცნების წარმომადგენლებს არცერთ პოლიტიკურ თუ საგნობრივ დისკუსიაში, მედიის მიერ ორგანიზებულ დებატებში მონაწილეობა არ მიუღიათ. ახლა პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიის, რუსთავი 2-ის ეთერში ირაკლი კობახიძემ დებატების გამართვა მოინდომა”, – აცხადებენ ოპოზიციური პარტიები.
მათი თქმით, იმ დროს, როცა ხელისუფლება ყველა დამოუკიდებელ და კრიტიკულ ტელემედიას ბოიკოტს უცხადებს, არ ფიქრობენ, რომ დებატები აუცილებლად ხელისუფლების მხარდამჭრი ტელევიზიის ეთერში უნდა ჩატარდეს და აცხადებენ, რომ შესაძლებელია მისი მოწყობა შემდეგ კვირას ყველა ნაციონალური ტელევიზიის მონაწილეობით ისეთ ფორმატში, სადაც კითხვების დასმის შესაძლებლობა ყველა ჟურნალსიტს ექნება:
“31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ხელისუფლების მხრიდან მანიპულირების მასშტაბზე და მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მეთოდზე დებატები და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება, როგორი პოლიტიკურად გაკოტრებულია ივანიშვილის რეჟიმი, სასურველ აუცილებელ გზად მიგვაჩნია, მაგრამ იმ დროს ,როდესაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ყველა დამოუკიდებელი და კრიტიკული ტელემედიის ბოიკოტირებას ახდენენ, არ მივიჩნევთ, რომ ეს აუცილებლად ხელისუფლების მხარდამჭერი ტელევიზიის ეთერში უნდა მოხდეს.
შესაძლებელია ამ დებატების მოწყობა შემდეგ კვირას, საქართველოში ყველა ნაციონალური მაუწყებლის მონაწილეობით, ისეთ ფორმატში, სადაც კითხვების დასმის შესაძლებლობა განსხვავებული შეხედულების ჟურნალისტებს ექნებათ”, – აცხადებენ პარტიებში.
დღეს, 18 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას დებატების გამართვა მეორედ შესთავაზა. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, როგორ ფორმატში და სად უნდა გამართულიყო ეს დებატები, კობახიძემ თქვა, რომ ტრადიციულ ფორმატში “რუსთავი 2-ზე”, რადგანაც ეს ინიციატივა პირველად 16 ნოემბერს სწორედ ამ ტელეკომპანიის ეთერში გაახმიანა.