ახალი ამბები

კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი — პომპეო ქართულ სასამართლოზე

18 ნოემბერი, 2020 • 1100
კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი — პომპეო ქართულ სასამართლოზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ “ტვიტერზე” წერს, რომ სასამართლო სისტემასთან დავაკშირებით კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი.

მისი თქმით, აშშ-ის კერძო ინვესტიციები სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობასა და სტაბილურობაზე იქნება დამოკიდებული.


“კმაყოფილი ვარ საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გულწრფელი საუბრით სასამართლო რეფორმებსა და დემოკრატიულ პროგრესზე.  საქართველომ პროგრესს მიაღწია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და უსაფრთხოების გაძლიერებაში. ამერიკის კერძო ინვესტიცია დამოკიდებულია სტაბილურ, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაზე. კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი – ჩვენი მხარდაჭერა გრძელდება”, — წერს პომპეო.

დღეს, 18 ნოემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თბილისში ვიზიტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე დამსწრეები მისი დასრულების შემდეგ აცხადებენ, ამერიკული მხარე განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე და საუბრის ძირითადი თემაც ეს იყო.

საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაში ჩართული იყო საქართველოში მოღვაწე მრავალი პროფესიონალური არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილი, მათ შორის: საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიის ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, უფლებები საქართველო და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.

“კლანი” სასამართლოში და არაფორმალური მმართველობა – NGO-ების შეხვედრა პომპეოსთან

მასალების გადაბეჭდვის წესი