ახალი ამბები

“კლანი” სასამართლოში და არაფორმალური მმართველობა – NGO-ების შეხვედრა პომპეოსთან

18 ნოემბერი, 2020 • 1448
“კლანი” სასამართლოში და არაფორმალური მმართველობა – NGO-ების შეხვედრა პომპეოსთან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თბილისში ვიზიტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე დამსწრეები მისი დასრულების შემდეგ აცხადებენ, ამერიკული მხარე განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე და საუბრის ძირითადი თემაც ეს იყო.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენელი ნინო ევგენიძე ავცადებს, რომ NGO-ებმა ყურადღება გაამახვილეს ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ასევე ისაუბრეს ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებული პროექტის შესახებაც:

“არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოვიყენეთ ეს შანსი და ყურადღება გავამახვილეთ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. პირველ რიგში, ეს არის პრობლემები კანონის უზენაესობის, სასამართლო ხელისუფლების, დემოკრატიული მმართველობიდან უკუსვლის მიმართულება. ყურადღება გავამახვილეთ არაფორმალურ მმართველობაზე, რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიული განვითარებისთვის.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს კოზირი ყოველთვის იყო, რომ საქართველო ყოველთვის იყო დემოკრატიული განვითარების გზაზე და ამიტომ გამოირჩეოდა სხვა ქვეყნებთან შედარებით ამიტომაც იღებდა მუდმივად ის დახმარებას, მხარდაჭერას აშშ-სა და ევროპისგან. ამიტომ ის საკითხები, რომელიც ჩვენ დავაყენეთ, უკავშირდება დეოკრტიული მმართველობას, კანონის უზენაესობის გაუმჯობესებას, ოლიგარქიული მმართველობის შეზღუდვას. რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტის მშნებლობის ჩაშლაზეც იყო საუბარი”, – ამბობს ნინო ევგენიძე. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდა “უფლებები საქართველოს” წარმოამდგენელი კახა წიქარიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ პომპეოს განუმარტეს არასამთავრობოების წარმომადგენლებმა, რომ ხელისუფლებამ არ გამოიჩინა ნება სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის და შეეხნენ ცალკეულ გახმაურებულ საქმეებს, მათ შორის, ე.წ. “ფილიპ მორისის საქმესა” და “კარტოგრაფების საქმესაც”:

“ჩვენ არჩევნებზე შედარებით ნაკლები საუბარი გვქონდა. საუბარი გვქონდა მხოლოდ სასამართლოს კუთხით, სასამართლოში განხილული საქმეების კუთხით. ჩვენ ვთქვით, რომ რიგ საქმეებზე სასამართლო იჩენს მიკერძოებას. ვთქვით, რომ წინა ხელისუფლების დროს ჩვენ გვქონდა მახინჯი სასამართლო სისტემა, რომელიც “ქართულმა” ოცნებამ 40-წლიანი პერსპექტივით დააკანონა. ჩვენ გვქონდა სასაუბროდ ნახევარი საათი, ამიტომ ჩვენი მთავარი ფოკუსი იყო სასმართლოში არსებული პრობლემა, ასევე, არაფორმალური მმართველობა.
შეკითხვა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ გვქავს მტკიცებულებები სასამართლოში არსებული კორუფციის თაობაზე. მტკიცებულებები უფრო მეტად მომდინარეობს საქმეებიდან, სადაც სასამართლომ აჩვენა გადახრა ამა თუ იმ იტერესის სასარგებლოდ, მტკიცებულება არის, რომ სასამართლოში არაფორმალური მმართველობაა და ჯგუფი, რომელიც მართავს შიდა გავლენებით. ეს გავლენები შიძლება იყოს პოლიტიკური ხასიათის, ნეპოტიზმი, პოლიტიკა. მტკიცებულებებად წარდგენილი იქნა კონკრეტული საქმეები, მაგალითად, ფილიპ მორისის საქმე, დავითგარეჯის საქმე. ეს საქმე განვიხილეთ იმ ჭრილში, რომ სასამართლო ხელისუფლებამ ვერ მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება”, – ამბობს წიქარიშვილი.
 
ის ასევე აღნიშნავს, რომ პირადად მისი მთავარი მოთხოვნა იყო, მოხდეს პოლიტიკური შეთანხმება საქართველოში, რომ სასამარღლო სისტემა ფუნდამენტურ რეფორმას საჭიროებს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლის, გია გვილავას თქმით, შეხვედრის მთავარი თემა სასამართლო სისტემა იყო, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ მას სწორედ ამ მიმართულებით მომუშავე პირები ესწრებოდნენ. TI-ს წარმომადგენლის თქმით, სახელმწიფო მდივანთან რამდენიმე გახმაურებულ პროცესზე და მართლმსაჯულების სისტემის მომავალზეც ისაუბრეს:

“არჩევნები განხილვის თემა არ ყოფილა, მხოლოდ სასამართლოზე იყო საუბარი და იმ მდგომარეობაზე, რაც გვაქვს სისტემაში. გარდა სისტემური პრობლემებისა, კონკრეტულ საქმეებზე იყო საუბარი, რომელიც მოვახსენეთ სახელმწიფო მდივანს. ეს იყო კარტოგრაფების, ანაკლიის პორტის, ფილიპ მორისის საქმე და ის ხალხი, ვინც ამ საქმეების შემოქმედია, რა მეთოდებით წინაურდება სისტემაში. ყველა გახმაურებულ პროცესზე ვისაუბრეთ. ასევე ვისაუბრეთ, რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს მართლმსაჯულებას საქართველოში და ვთხოვეთ კონკრეტული გზები.

ორი კონტექსტი იყო: სასამართლო, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი ხელისუფლების ხელში, და მეორე- სასამართლო, სადაც უკვე შეინიშნება კორუფციის პატარა ტენდენციები, მაგრამ ეს არის სურათი, რომელსაც ჩენ ვხედავთ”, – ამბობს გვილავა.

მისი თქმით, პომპეომ მათ ჰკითხა სასამართლოში არსებული “კლანის” შესახებ და დაინტერესდა, როგორი მეთოდებით მუშაობს ეს გავლენიანი ჯგუფი:

“ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც სასამართლოზე მუშაობს. შესაბამისად, ის, რომ ჩვენ შეგვხვდა, ნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ამ ხალხს ადარდებს სასამართლო. სასამართლო არის ამ ქვეყნის სირცხვილი საზღვარგარეთ. მან იკითხა სასამართლოში არსებული კლანის შესახებ. როგორც ჩანს, კარგადაა ინფორმირებული და სჯერა, რომ კლანი არსებობს. ჩვენთვის ეს კარგი შესაძლებლობაა, ადვოკატირება გავაძლიეროთ.

მტკიცებულებების წარდგენა არ მოუთხოვია. მან იკითხა, კონკრეტულად როგორი მეთოდებით მუშაობენ. ერთადერთი იყო სასამართლო დავები, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. არის დაუსაბუთბელი გადაწყვეტილებები და მხარეების პოზიციების იგნორირება”, – თქვა TI-ს წარმომადგენელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

“ფონდი ღია საზოგადოება –  საქართველოს” წარმომადგენელი სოფო ასათიანი კი აცხადებს, რომ NGO-ებმა პომპეოს ორი გზა შესთავაზეს, რომლითაც აშშ-ს შეუძლია გავლენა იქონიოს საქართველოში დემოკრატიულ პროცესებზე.
კერძოდ, მისი თქმით, პირველი საკითხია საელჩოს მიერ ფასილიტატორის როლის მორგება პოლიტიკური კონსენსუსის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში, მეორე საკითხი კი აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებების წინაპირობად სასამართლოს რეფორმის აუცილებლობა გახდეს:
“მთავარი ორიენტირი იყო დემოკრატიული პროცესების და ინსტიტიციური რეფორმების შეფასება. ჩვენ ვისაუბრეთ სასამართლო ხელისუფლებაზე, იქ არსებულ გამოწვევებზე, კლანზე, რომელიც აკონტროლებს ყველა  ინსტანციას სასამართლოში და ვთხოვეთ ამერიკის ხელიუფლებას და საელჩოს, რომ განსაკუთრებით აქტიურად დააკვირდეს მიმდინარე პროცესებს და აქტიური როლი ჰქონდეს. ჩვენ ,როგორც არასამთავრობო სექტორმა, რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ, პირველი ეს იყო პოლიტიკური კონსენსუსი, რომლის გარეშეც ჩიხი, რომელშიც ვართ, ვერ აღმოიფხვრება და შევთავაზეთ საელჩოს, მას ჰქონდეს აქტიური ფასილიტატორის როლი, როგორც ეს მას ბევრჯერ გაუკეთებია.
ასევე, მეორე მეთოდი, რომლითაც აშშ-ს შეუძლია გავლენა ჰქონდეს დემოკრატიულ პროცესებზე, არის დახმარება და ჩვენ საჭიროდ ვთვლით, რომ სასამართლოს რეფორმა იყოს აუცილებელი წინაპირობა ყველა ასეთი ხელშეკრულების. მათ ინტერესს წარმოადგენდა სასამართლო, თუმცა, რა თქმა უნდა, მივაწოდეთ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზეც, განსაკუთრებით, საარჩევნო დავებზე, და ამ კონტექსტშია სასამართლო მნიშვნელოვანი. ჩვენ მას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ქვეყანაში არ არის ნება, რომ ინსტიტუცია იყოს დამოუკიდებელი, გვაქვს სახელმწიფოს მიტაცების ნიშნები”, – ამბობს ასათიანი.
“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” წარმომადგენელი გვანცა წულუკიძე კი აცხადებს, რომ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის გვარიც გახმიანდა, როგორც ქვეყნის არაფორმალური მმართველისა, რომელსაც მისი თქმით, ხელისუფლების სამივე შტო ხელთ აქვს:
“გავაჟღერე ის საქმეები, რომელიც ადასტურებს, რომ სასამართლო გამოიყენება როგორც პოლიტიკური იარაღი პოლიტიკური ოპონენტების გასანეიტრალებლად. ყურადღება გავამახვილე გიორგი რურუას საქმეზე, კარტოგრაფების საქმეზე, სამოქალაქო აქტივისტების საქმეზე და ბოლოს მოვიყვანე მეგობრის თვითმვკლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულთა საქმეზე.
ბიძინა ივანიშვილის სახელი გაჟღერდა რამდენჯერმე, როგორც არაფორმალური მმართველის, რომელსაც ხელთ უპყრია ხელისუფლების სამივე შტო. არჩევნებთან დაკავშირებით დროის სიმცირის გამო საუბარი არ ყოფილა. ძალიან მცირედ შევეხეთ, რომ სასამართლოში მიმდინარეობს სასამართლო დავები, რომელთა უმეტესობა განუხილველადაა დატოვებული” ,- ამბობს წულუკიძე.

აღნიშული შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია აშშ-ის საელჩომაც გაავრცელა.

“სახელმწიფო მდივანი პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გულწრფელი და ღია საუბრისთვის შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის კუთხით და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის ხელშეწყობასა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში. თუმცა ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შეერთებული შტატები მზადაა მხარდაჭერის გასაგრძელებლად”, – ნათქვამია საელჩოს ცნობაში.

საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაში ჩართული იყო საქართველოში მოღვაწე მრავალი პროფესიონალური არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილი, მათ შორის: საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიის ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, უფლებები საქართველო და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი