ახალი ამბები

კობიაშვილი ჩრდ.მაკედონიასა და სომხეთთან მარცხს გამოეხმაურა

18 ნოემბერი, 2020 • 944
კობიაშვილი ჩრდ.მაკედონიასა და სომხეთთან მარცხს გამოეხმაურა

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს ნაკრების წარუმატებელ მატჩებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ სჯერა მისი სამომავლო წარმატების.

ლევან კობიაშვილის თქმით, სხვა მოქალაქეების მსგავსად, საქართველოს ნაკრების 12 ნოემბრის მარცხი მისთვისაც მტკივნეული იყო, მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე.  მისი განცხადებით, სწორედ ამ სტრესულ ფონს მოჰყვა მეორე მარცხიც სომხეთთან.

“მაგრამ მე საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ასეთი დღეების შემდეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალების მოკრება, ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება და, მიუხედავად ყველაფრისა, შემდეგი თამაშებისთვის ერთ გუნდად შეკრული მოედანზე გასვლა – გასვლა გამარჯვებისთვის.

მომდევნო თამაშისთვის მომზადება და სწორედ ამ განწყობის მიტანა ჩვენს ბიჭებამდე იყო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. უახლოეს დღეებში, ფედერაციის გუნდთან ერთად, გვექნება შესაძლებლობა, საჯაროდ ვრცლად ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე”, – დასძენს ის.

კობიაშვილი ასევე ახსენებს დღეს, 18 ნოემბერს ჩანიშნულ მატჩს საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებებს შორის. ის მადლობას უხდის რამაზ სვანაძეს, რომელიც დროებითი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს ვლადიმირ ვაისის წასვლის შემდეგ.

“ასევე, მადლობა ვლადიმირ ვაისს. მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ მისი ხელმძღვანელობით, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში შეძლო ასპარეზობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მსურს, მადლობა გადავუხადო ნაკრების თითოეულ ერთგულ გულშემატკივარს – მეთორმეტე მოთამაშეს.

დღეს შემდეგი თამაშის დღეა. მე მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, მჯერა ჩვენი ნაკრების წარმატების და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ერთგულ გულშემატკივართან ერთად ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს ახალი შემართებით შევხვდებით და ერთად არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.


12 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ევროპის ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს. შემდგომ, 15 ნოემბერს, ნაკრები სომხეთთან დამარცხდა ანგარიშით 1:2

სწორედ ამ უკანასკნელი მატჩის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს.

ვაისი ნაკრებს ესტონეთთან აღარ უხელმძღვანელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი