ახალი ამბები

ვაისი ნაკრებს ესტონეთთან აღარ უხელმძღვანელებს

16 ნოემბერი, 2020 • 1001
ვაისი ნაკრებს ესტონეთთან აღარ უხელმძღვანელებს

ვლადიმირ ვაისი აღარ უხელმძღვანელებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის დასკვნით მატჩზე, რომელიც 18 ნოემბერს ესტონეთის წინააღმდეგ გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ფედერაციის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ, ვლადიმერ ვაისთან შეთანხმებით.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ალექსანდრე იაშვილის თქმით, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, სადაც საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა ანგარიშით 2:1, ვაისთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდათ და ამ გადაწყვეტილებამდე ერთად მივიდნენ:

“გუშინდელი მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა და ერთობლივად მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ესტონეთის წინააღმდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვლადიმირ ვაისი აღარ უხელმძღვანელებს.

მინდა, მას მადლობა გადავუხადო ხუთწლიანი თანამშრომლობისთვის. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში იასპარეზა. მადლობას ვუხდით მას და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის”, – ამბობს იაშვილი.

ვლადიმერ ვაისმა ნაკრების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოებას ამცნო ჩრდ. მაკედონიასთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი – ოფის ფინალში დამარცხების შემდეგ, თუმცა, მისი თქმით, წასვლას აპირებდა სომხეთთან და ესტონეთთან დაგეგმილი შეხვედრების შემდეგ.

გუშინ, 15 ნოემბერს საქართველოს ნაკრები სომხეთის ეროვნულ ნაკრებთანაც დამარცხდა. მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონცერენციაზე ვაისმა განაცხადა, რომ მაქსიმუმი გააკეთა საქართველოს ნაკრების წარმატებისთვის, თუმცა ფეხბურთელების ნაწილს პასუხისმგებლობის ნაკლებებოა ჰქონდა.

ვაისმა თქვა, რომ ზოგიერთი მოთამაშე, რომელიც ამჟამად ნაკრებშია, გუნდში არ უნდა დარჩეს:

“როდესაც ამ თამაშისთვის ვემზადებოდით, ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მაქსიმუმი უნდა გაეკეთებინათ შედეგისთვის. ყველა მათგანს, ვინც დღეს გუნდშია, თამაშის შემდეგ თითოეულ მათგანს ვეტყოდი სიმართლეს მათი დამოკიდებულების შესახებ. ვფიქრობ, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს ჰქონდა პასუხისმგებლობის ნაკლებობა.

მე არ ვარ ქართველი, მაგრამ მაქსიმუმი გავაკეთე წარმატებისთვის. მიმაჩნია, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი, რომელიც ახლა ნაკრებშია, საქართველოს ნაკრების წევრი უახლოეს მომავალში აღარ იქნება. თუ ეს გუნდი კიდევ უნდა გაიზარდოს, ვფიქრობ, რამდენიმე ფეხბურთელი გუნდში არ უნდა დარჩეს”, – თქვა ვაისმა სომხეთთან გამართული მატჩის შემდეგ. 

2016 წლის მარტიდან დღემდე სლოვაკი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 47 შეხვედრა გამართა.
ვლადიმირ ვაისთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის D დივიზიონის გამარჯვებული გახდა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი – ოფის ფინალში გავიდა, სადაც ჩრდ. მაკედონიასთან დამარცხდა.

რაც შეეხება ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების დასკვნით მეექვსე მატჩს, რომელიც 18 ნოემბერს დინამო არენაზე ესტონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ არის დაგეგმილი, ფედერაციის განცხადებით, ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე,  დროებითი მწვრთნელის მოვალეობას რამაზ სვანაძე შეასრულებს. 39 წლის სპეციალისტი ამჟამად იკავებს საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს.

ახალი მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით კი მუშაობა უკვე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი