ახალი ამბები

ახალციხის საკრებულოს წევრის თქმით, მანქანა დაუწვეს

17 ნოემბერი, 2020 • 1051
ახალციხის საკრებულოს წევრის თქმით, მანქანა დაუწვეს

“სამხრეთის კარიბჭის” ცნობით, ახალციხის საკრებულოს წევრის, ამბარცუმ ბაბოიანის მანქანას ცეცხლი 15 ნოემბერს გაუჩნდა. როგორც ბაბოიანმა გამოცემასთან განაცხადა დილის 4 საათისთვის მან საკუთარ სახლთან ხმა გაიგო, გარეთ გავიდა და დაინახა რომ მანქანას ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული.

ბაბოიანის ინფორმაციით, მან 112-ში დარეკა, რის შემდეგაც ადგილზე პატრული და სახანძრო სამაშველო სამსახური გამოცხადდა, რაც შეეხება მანქანას, საკრებულოს წევრმა “სამხრეთის კარიბჭეს” უთხრა, რომ ის საჯარიმოზეა გადაყვანილი და “აღარ გამოდგება”. ცეცხლის გაჩენის მიზეზი კი მისთვის უცნობია.

მოგვიანებით “ნეტგაზეთმა” ბაბოიანთან დაკავშირება მოახერხა. საკრებულოს წევრის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მისი ავტომანქანა სპეციალურად დაწვეს:

“პოლიციაშია საქმე და გამოძიება მიდის, მაგრამ თავისით დამწვარი რომ არ არის დარწმუნებული ვარ. ჯერ არ არის ექსპერტიზის დასკვნა მაგრამ მეც ვიცი, რომ ეს არის დამწვარი, თვისით ღამე 4 საათზე მანქანა არ დაიწვებოდა”, – განაცხადა ბაბოიანმა.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, კონკრეტულად ვინმეზე აქვს თუ არა ეჭვი, ბაბოიანმა უპასუხა, რომ ეჭვი არავისზე არ აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით გამოძიება აღნიშნულ საკითხზე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით გულისხმობს.

“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, ბაბოიანის მანქანა 2017 წელს აფეთქდა. გამოძიება მაშინაც 187-ე მუხლით დაიწყო, თუმცა ამ დრომდე უცნობია, დასრულდა თუ არა გამოძიება.

გარეკანის ფოტო: “სამხრეთის კარიბჭე”

მასალების გადაბეჭდვის წესი