ახალი ამბები

მოქალაქის თქმით, პოლიციელმა სამსახურეობრივი მდგომარეობა მასთან მიმოწერისთვის გამოიყენა

17 ნოემბერი, 2020 • 1225
მოქალაქის თქმით, პოლიციელმა სამსახურეობრივი მდგომარეობა მასთან მიმოწერისთვის გამოიყენა

მოქალაქე ია ბიგვავა პატრულის თანამშრომელს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

როგორც ბიგვავა ფეისბუკზე წერს, პატრულის თანამშრომელმა თენგო ყოლბაიამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის მოხსნის გამო დააჯარიმა, მას შემდეგ კი, რაც მისი პირადობის მოწმობიდან ვინაობა გაიგო, სოციალური ქსელის საშუალებით სცადა მასთან დაკავშირება.

ბიგვავას თქმით, სამარშრუტო ტაქსს ელოდებოდა, როდესაც დაინახა, რომ პატრულის თანამშრომლები სხვა მოქალაქეს აჯარიმებდნენ, ერთ-ერთი მათგანი კი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში დაჟინებით უყურებდა. შემდეგ, როგორც ბიგვავა ჰყვება, სამარშრუტო ტაქსში ავიდა, სადაც მცირე ხნით მოიხსნა პირბადე, რა დროსაც სწორედ იმ პატრულის თანამშრომელმა, რომელიც მანამდე “თვალს არ აშორებდა”, დაინახა და სამარშრუტო ტაქსი გააჩერა.

“[პატრულის თანამშრომელი] ამოდის და ყველას ათვალეირებს. ყველას უკეთია [პირბადე] და უკვე მე მომადგა. პირბადე არ გეკეთათო. (ამ დროს უკვე მეკეთა) ვიცი- მეთქი. ბრონქიტი მაქვს და დიდიხანი ვერ ვიკეთებ, სუნთქვა მიჭირს- მეთქი. შემდეგში ექიმის ცნობა გქონდეთ, 20 ლარია ჯარიმაო. ვიცი- მეთქი და პირადობა მივაწოდე. ჩაბრძანდა და 20 ლარი დამიწერა. წამოვედით. არ გასულა 20 წუთი და ფბ-ში მწერს. რა თქმა უნდა, არ ვპასუხობ სმს ზე. თურმე სამსახურეობრივ მოვალეობას მაგრად იყენებს…”, – წერს ბიგვავა სოციალურ ქსელში. მან ფეისბუკზე დაჯარიმების და მიმოწერის ამსახველი  ფოტო-სქრინებიც გამოაქვეყნა.

ბიგვავამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც ფეისბუკზე ამ საკითხთან დაკავშირებით საჯარო პოსტი დაწერა, პატრულის თანამშრომელმა ფეისბუკის საკუთარი ანგარიში გააუქმა.

ბიგვავამ “ნეტგაზეთს” ასევე უთხრა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდანაც დაუკავშირდნენ, ტელეფონის ნომერიც გამოართვეს და მისწერეს “თუ საჭირო გახდება, დაგიკავშირდებითო”.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა და იკითხა, აპირებს თუ არა უწყება რეაგირებას, თუმცა პოლიციაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

მოგვიანებით “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაუკავშირდნენ და გვაცნობეს, რომ გენერალური ინსპექცია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის ავტორს დაუკავშირდა და დაწყებულია მოკვლევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი