ახალი ამბები

ალასკის ერთ-ერთ აეროპორტში თვითმფრინავი დათვს დაეჯახა

17 ნოემბერი, 2020 •
ალასკის ერთ-ერთ აეროპორტში თვითმფრინავი დათვს დაეჯახა

ალასკის ქალაქ იაკუტატის აეროპორტში “ალასკის ავიახაზების” ბოინგ 737 დაშვებისას დათვს დაეჯახა. დათვი ადგილზე დაიღუპა, თვითმრინავის ძრავის გარეთა ზედაპირი კი დაზიანდა.

როგორც ადგილობრივი მედიასაშუალება Anchorage Daily News წერს, შემთხვევა შაბათ საღამოს მოხდა. თვითმფრინავი აეროპორტში ეშვებოდა და სიჩქარის შენელებისას პილოტმა შენიშნა ასაფრენ ბილიკზე მიმავალი ორი დათვი, ცოტა ხანში კი თვითმფრინავში შეჯახება იგრძნეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრებმა კი მოგვიანებით სხვა რეისით განაგრძეს გზა ალასკის ქალაქ ანკორიჯისკენ. ერთი დათვი უვნებლად გადარჩა.

როგორც ალასკის ტრანსპორტის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა სემ დაპცევიჩმა ადგილობრივ მედიასაშუალებას უთხრა, იაკუტტის აეროპორტის თანამშრომლებმა თვითმფრინავის მოფრენამდე 10 წუთით ადრე შეამოწმეს დასაფრენი ბილიკი  და ვერაფერი შენიშნეს. გარდა ამისა, ალასკაში აეროპორტის თანამშრომლებს გავლილი აქვთ ველური ცხოველების დაფრთხობის ტრენინგი და შესაბამისი ტექნიკითაც არიან აღჭურვილნი. ამის მიზეზი ის არის, რომ მაგალითად, იაკუტატის აეროპორტი, სადაც შაბათს ინციდენტი მოხდა, ბოლომდე შემოღობილი არ არის.

დაპცევიჩის ინფორმაციით, ალასკაში ყოფილა შემთხვევები, როცა თვითმფრინავი დაჯახებია გარეულ ცხოველს ან ფრინველს, მათ შორის, ჩიტების გუნდს, ბატებს, ირემს და ა.შ. მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა თვითმფრინავი დათვს დაეჯახა. დაპცევიჩმა გაიხსენა 1987 წელს მომხდარი შემთხვევა, როდესაც აფრენის მომენტში სამგზავრო თვითმფრინავს პილოტების კაბინის საქარე შუშაზე ჰაერში დაეცა ორაგული, რომელიც არწივს კლანჭებით მიჰქონდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი