ახალი ამბები

მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფებოდა და “ერთობაზე” ისაუბრა

17 ნოემბერი, 2020 • 1307
მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფებოდა და “ერთობაზე” ისაუბრა

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფებოდა.

რუსეთის სამღვდელოების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ მღვდელმსახურებისას ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ “ვერავინ და ვერაფერი დაარღვევდა ჩვენს [რუსი და ქართველი ხალხების] ერთობას”. ინფორმაციას ამის შესახებ რუსი დეკანოზი, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი ნიკოლაი ბალაშოვი ავრცელებს.

 

მიტროპოლიტი ნიკოლოზი განმარტავს, რომ რუსეთში ძველი რუსული ხელოვნების მუზეუმის მიწვევით იმყოფებოდა, სადაც ქართველი მოღვაწის, დავით არსენიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ მე-8 კონფერენციას დაესწრო.

“დავით არსენიშვილმა ჯერ საქართველოში დააარსა მთაწმინდის პანთეონი, ლიტერატურის, თეატრისა და კონოს მუზეუმები, დანგრევას გადაარჩინა ანჩისხატის ეკლესია. მოგვიანებით, რუსეთში დააარსა ანდრეი რუბლოვის მუზეუმი და განადგურებას გადაარჩინა მისი ხატები. წელს მისდამი მიძღვნილი მე-8 კონფერენცია გაიამრთა და მუზეუმის მიწვევით მოხსენება წავიკითხე”, – აცხადებს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რა იგულისხმებოდა ფრაზაში, “ვერავინ და ვერაფერი დაარღვევს ჩვენს ერთობას”, მიტროპოლიტი ნიკოლოზი წერილობით პასუხობს, რომ ამაში იგულისხმება საერთო “ქრისტიანული და ისტორიული ღირებულებები”, რაც ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს.

“გუშინ დავით არსენიშვილის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღვასრულე რუს და ქართველ სამღვდელოებასთან ერთად. დეკანოზ ნიკოლაი ბალაშოვის კომენტარი არის ჩემი სიტყვების პერიფრაზი, სადაც ერთობაში იგულისხმება ის საერთო ქრისტიანული და ისტორიული ღირებულებები, რაც საქართველოსა და რუსეთს ერთმანეთთან აკავშირებს. ის, რომ რუსეთის სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და რომ რუსული სახელმწიფოებრივი მოწყობა ჩვენთვის მიუღებელია, ისევე, როგორც მოსკოვის საპატრიარქოს ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სულაც არ ცვლის ფაქტს, რომ წმ. ანდრეი რუბლოვი გენიალური რუსი ხელოვანი იყო, ან ანდრეი ტარკოვსკი გენიალური რეჟისორი”, – მისწერა ნეტგაზეთს მიტროპოლიტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი