გლდანში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიას შტაბის დაწვას ეხმაურება და ამბობს, რომ გამოძიება დაადგენს, თუ ვის ინტერესში შედიოდა ხანძრის გაჩენა.
თავად ნიკა მელია შტაბის დაწვაში ადანაშაულებს ხელისუფლების წარმომადგნელებს, კახა კალაძესა და ლევან კობიაშვილს.
კობიაშვილი “ცილისწამებას” უწოდებს მელიას ბრალდებებს და ამბობს, რომ ამისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევს.
“ახლა, როცა ვანდალიზმს და სისხლის სამართლის დანაშაულს გვაბრალებენ, უპასუხოდ ვერ დავტოვებ კანდიდატ მელიას ცილისწამებას. ის ბრძოლის მეთოდები, რაც ამ პარტიას მისი არსებობის მანძილზე, 2003 წლიდან მოყოლებული ჰქონდა, არ შეცვლილა. მათ ვერ აუწყეს ფეხი ვერც დროს, ვერც ახალ პოლიტიკურ რეალობას და ვერც ამომრჩეველს. მე არ მჩვევია მელიას სტილში ყაყანი და ბრალდებების უმისამართოდ ფრქვევა. მის დონეზე არ და ვერ დავალ!
დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი უწყებებები აუცილებლად დაადგენენ, თუ ვის ინტერესებში შედიოდა, რატომ და ვინ გააჩინა ხანძარი ნიკანორ მელიას ერთ-ერთ ოფისში და ყველა დამნაშავე უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. კანდიდატმა მელიამ კი უნდა დაასაბუთოს, რის საფუძველზე გვდებს ბრალს ოფისის დარბევაში და კრიმინალთან კავშირში, ან მოუწევს ცილისწამებაზე ბოდიშის მოხდა. მისგან განსხვავებით, ჩვენ ტელესპექტაკლებს არ ვდგამთ”, — წერს კობიაშვილი სოციალურ ქსელში.
გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ იცის, ვინ გადაწვა მისი საარჩენო შტაბი გლდანში. ის ამაში ადანაშაულებს ხელისუფლების წარმომადგნელებს – კახა კალაძესა და ლევან კობიაშვილს.
მელია ამბობს, რომ გლდანის მესამე მიკრორაიონში, სადაც შტაბი მდებარეობს, ოპოზიციამ დამაჯერებლად მოიგო და დაამარცხა მისი ოპონენტი – ლევან კობიაშვილი.
„შედეგად მოხდა ის, რომ რევანშისტულმა ხელისუფლებამ გადაწვა შტაბი’, – განაცხადა მელიამ და დაასახელა ორი ადამიანის სახელი და გვარი, რომლებიც მისი თქმით, მონაწილეობდნენ ამ პროცესში, მათ შორის ერთ-ერთი საბერძნეთში მყოფი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდია, ხოლო მეორე თბილისში ცხოვრობს. მელიას თქმით, საბერძნეთში მყოფ “კრიმინალურ ავტორიტეტს” აქვს წვდომა გლდანის დანაშაულებრივ სამყაროსთან. მისივე განცხადებით, ორვე მათგანი მჭიდრო კავშირში იმყოფებაინ ლევან კობიაშვილსა და კახა კალაძესთან.
მისივე თქმით, არჩევნებთან დაკავშირებულ პერიოდში მას არაერთხელ დაესხნენ თავს, მათ შორის, ესროლეს ქვები , დაარბიეს შტაბი და სხვა.