ნეტგაზეთი | გლდანში მელიას ოფისს ცეცხლი წაუკიდეს გლდანში მელიას ოფისს ცეცხლი წაუკიდეს – Netgazeti
RU | GE  

გლდანში მელიას ოფისს ცეცხლი წაუკიდეს

გლდანში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას ოფისის დაწვა სცადეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკა მელიას შტაბის წევრი თამარ ზერეკიძე ადასტურებს.

როგორც ზერეკიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, ოფისის დაწვის შესახებ ინფორმაცია დღეს, დაახლოებით დილის 7 საათისთვის მიიღეს. მისი თქმით, ოფისის ფანჯრები, სავარაუდოდ, ქვებით ჩაამსხვრიეს, რადგან შიდა ტერიტორიაზე 2 ქვა იპოვეს.

“ოფისში ასევე იპოვეს ორი ბოთლი, რომელსაც ნაჭერი აქვს შემოხვეული და, სავარაუდოდ, ნავთი ესხა ამ ბოთლებში და ასე შეაგდეს ცეცხლი შენობაში. შენობა შიგნიდან საკმაოდ გამომწვარია, მათ შორის, დამწვარია ავეჯიც, მაგრამ გადარჩა, რომ შენობა მთლიანად არ დაიწვა”, – განმარტა ზერეკიძემ.

მისივე თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე არის უსაფრთხოების კამერების მქონე მაღაზიები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

გარეკანის ფოტო: მთავარი არხი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი