ახალი ამბები

მელია ამბობს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, მას ქვები ესროლეს

27 სექტემბერი, 2020 • 1489
მელია ამბობს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, მას ქვები ესროლეს

გლდანში გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა მელია ამბობს, რომ მას თავს დაესხნენ.

როგორც მელია ყვება, გლდანულას დასახლებაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, მისი მიმართულებით ახლოს მდებარე შენობიდან ქვები ისროლეს.  მელია ვარაუდობს, რომ თავდასხმის მიღმა “ქართული ოცნების” მხარდამჭერები იდგნენ.

“შეხვედრას ვმართავდი ამომრჩეველთან სკვერში. ადგილზე ასევე არის  უამრავი ბავშვი. ამ დროს, ხელისუფლებამ, რომელმაც საერთოდ დაკარგა ფოკუსი და არ იცის, ნერვიულობისგან როგორ მოიქცეს… ქვები გვესროლეს. ან სახურავიდან, ან კორპუსის აივნიდან და გადაგვარჩინა ღმერთმა, რომ ეს ქვა არ მოხვდა, არც ერთ აქ მყოფ ადამიანს,” – უთხრა მელიამ “მთავარ არხს”.

მელია ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ, ადგილზე “ოცნების” მხარდამჭერები მოვიდნენ და “მათთან მოხდა, რბილად რომ ვთქვათ, შელაპარაკება”.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყებისგან პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი