ახალი ამბები

მელიას თქმით, იცის, ვინ გააჩინა ხანძარი გლდანის შტაბში

16 ნოემბერი, 2020 • 1193
მელიას თქმით, იცის, ვინ გააჩინა ხანძარი გლდანის შტაბში

გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, რომ იცის, ვინ გადაწვა მისი საარჩენო შტაბი გლდანში. ის ამაში ხელისუფლების წარმომადგნელებს – კახა კალაძესა და ლევან კობიაშვილს ადანაშაულებს.

მელია ამბობს, რომ გლდანის მესამე მიკრორაიონში, სადაც შტაბი მდებარეობს, ოპოზიციამ დამაჯერებლად მოიგო და დაამარცხა მისი ოპონენტი – ლევან კობიაშვილი.

„შედეგად მოხდა ის, რომ რევანშისტულმა ხელისუფლებამ გადაწვა შტაბი’, – განაცხადა მელიამ და დაასახელა ორი ადამიანი სახელი და გვარი, რომლებიც მისი თქმით, მონაწილეობდნენ ამ პროცესში, მათ შორის ერთ-ერთი საბერძნეთში მყოფი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდია, ხოლო მეორე თბილისში ცხოვრობს. მელიას თქმით, საბერძნეთში მყოფ “კრიმინალურ ავტორიტეტს” აქვს წვდომა გლდანის დანაშაულებრივ სამყაროსთან. მისივე განცხადებით, ორვე მათგანი მჭიდრო კავშირში იმყოფებაინ ლევან კობიაშვილსა და კახა კალაძესთან.

მისივე თქმით, არჩევნებთან დაკავშირებულ პერიოდში მას არაერთხელ დაესხნენ თავს, მათ შორის, ესროლეს ქვები , დაარბიეს შტაბი და სხვა.

„მაინცდამაინც სისხლი უნდა დაიღვაროს, რომ მიხვდეთ, რეჟიმთან გვაქვს საქმე. მე არ ვაპირებ თავდახრილი გამოსვლას, სადაც წავასწრებ ყველა ქანონიერი ქურდისა და მათ დამქაშს, რომელიც შეკრულია პოლიციასთან, შევავიწროვებ. იმიტომ, რომ პოლიცია არაფერს აკეთებს, მეტიც ხელს აფარებს“, – აცხადებს მელია და ამატებს: „უკომპრომისო ბრძოლას გიცხადებთ, შეგაკვდებით“.

მელია ამბობს, რომ მისთვის ამ შტაბის გადაწვა იგივეა, რაც „ჩემი სახლი რომ დაგეწვათ“, ვინაიდან აქ დიდი დრო აქვს გატარებული ამომრჩეველთან ერთად.

„პირდაპირ ხელს ვადებ კობიაშვილ-კალაძეს და ძმებ შუკაკიძეებს, რომლებმაც გადაწვეს ეს შტაბი. რითაც იძალადეს ქართველი ხალხის ნებაზე და თავიანთი ჭკუით შური იძიეს“, – აცხადებს ის.

ჟურნალისტის კითხვაზე, საიდან იცის დანაშაულის ჩამდენი კონკრეტული სახელები და გვარები, მელიამ წყარო არ დაასახელა.

„არ არსებობს გლდანელი, ვინც არ იცის, ვინ არის დღეს დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენილი, ვისი მეშვეობითაც სუს-თან ერთად იმართება ეს სამყარო“, – შემდეგ ამატებს – „რახან ვსაუბრობ, ე.ი. საქმის კურსში ვარ“.

მელიას განცხადებას კრიტიკით გამოეხმაურა თავად კახა კალაძე, რომელმაც ჟურნალისტებთან თქვა,„განცხადებას სამარცხვინოს ვუწოდებდი“, შემდეგ კი დაამატა:

„კონკრეტული კრიმინალის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, პოლიტიკური ავანტიურისტის პირადი მოხმარების პარტიის უუფლებო წევრი, რომელიც აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებებს არის მხოლოდ და მხოლოდ სამარცხვინო,“ – თქვა მან.

ნეტგაზეთი ამ განცხადებასთან დაკავშირებით საპასუხო კომენტარისთვის დაუკავშირდა როგორც „ქართული ოცნების“, ასევე თბილისის მერიის პრესსამსახურს, დამატებითი ინფორმაციით მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

გლდანში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას ოფისის დაწვა სცადეს.

როგორც ნიკა მელიას შტაბის წევრმა თამარ ზერეკიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, ოფისის დაწვის შესახებ ინფორმაცია დღეს, დაახლოებით დილის 7 საათისთვის მიიღეს. მისი თქმით, ოფისის ფანჯრები, სავარაუდოდ, ქვებით ჩაამსხვრიეს, რადგან შიდა ტერიტორიაზე 2 ქვა იპოვეს.

გლდანში მელიას ოფისს ცეცხლი წაუკიდეს

მასალების გადაბეჭდვის წესი