ახალი ამბები

ჰოსპიტალიზაციის პროცენტი მაღალია, რადგან ექიმებს გვიან უკავშირდებიან – ტიკარაძე

16 ნოემბერი, 2020 • 1334
ჰოსპიტალიზაციის პროცენტი მაღალია, რადგან ექიმებს გვიან უკავშირდებიან – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის პროცენტი მაღალია, რადგან მოქალაქეები ექიმებს გვიან უკავშირდებიან.

„[პაციენტების] მიღებისა და ჰოსპიტალიზაციის პროცენტი რჩება საკმაოდ მაღალი, რაც გამოწვეულია იმით, რომ ხდება საკმაოდ გვიანი დაკავშირება ოჯახის ექიმთან და, შესაბამისად, სიმტპომის დადგენაც.

სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ მოქალაქეების პროაქტიული ჩართულობა და დროული იდენტიფიცირება პრობლემის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველანაირად ვცდილობთ, რომ მათ ჰქონდეთ ყველა ბერკეტი, რითაც შეძლებენ როგორც დროულად ოჯახის ექიმთან დაკავშირებას, ასევე, ტესტირების ჩატარებას“, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

მანამდე ტიკარაძე საუბრობდა ქვეყანაში არსებული საწოლფონდის შესახებ. ის ამბობდა, რომ ამ ეტაპისთვის კოვიდპაციენტებისთვის თავისუფალია დაახლოებით 200-მდე ადგილი. თუმცა საღამოსთვის ეს მაჩვენებელი გაიზრდება.  მისი თქმით, დღევანდელ საწოლფონდში 5 868 ადგილია, რომელთაგან 5319 დაკავებულია:

„ტრიაჟში იმყოფება 257, ხოლო თავისუფალი რაოდენობა არის 227. დღის ბოლომდე ჩვენ კიდევ ვამატებთ ადგილებს და საწოლფონდი იქნება 5 952“.

მისივე ინფორმაციით, ყოველდღიურ რეჟიმში კლინიკებში 100-200-მდე საწოლების მობილიზება ხდება, საღამოსკენ კი, მას შემდეგ, რაც პაციენტები კლინიკებიდან გაეწერებიან, სამინისტრო ელოდება, რომ კიდევ 800-დან 1 000-მდე საწოლი მზად იქნება.

სამკურნალო სივრცე საავადმყოფოს მიღმაც შეიძლება მოაწყონ | COVID-19

მასალების გადაბეჭდვის წესი