ახალი ამბები

სამკურნალო სივრცე საავადმყოფოს მიღმაც შეიძლება მოაწყონ | COVID-19

16 ნოემბერი, 2020 • 845
სამკურნალო სივრცე საავადმყოფოს მიღმაც შეიძლება მოაწყონ | COVID-19

დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდინფიცირებულთა მკურნალობისთვის, გარდა საავადმყოფოებისა, განიხილება სხვა სივრცეების მოწყობა. გამყრელიძის თქმით, ასეთი შეიძლება იყოს საგამოფენო ან სამხედრო დანიშნულების სივრცეები. თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანას ეს არ დასჭირდება.

მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, დღეს, 16 ნოემბერს თქვა, რომ ამ ეტაპისთვის საწოლფონდში 227 თავისუფალი ადგილია, თუმცა ეს მონაცემი დღის ბოლომდე გაიზრდება.

ტიკარაძის მსგავსად, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში დაახლოებით 5000 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, რაც მიმდინარე აქტიური შემთხვევების თითქმის 30%-ია. თუმცა, თუ საჭირო გახდა, ქვეყანას შეუძლია დამატებით 3 000-მდე საწოლის მობილიზება და საწოლფონდის 8000-8500-მდე გაზრდა.

„ამასთანავე, მიმდინარეობს განხილვა სხვადასხვა სივრცეების მობილიზებაზე… განიხილება, თუმცა ჯერ არაა გადაწყვეტილება მიღებული.

ჯერჯერობით 3 000 საწოლის მობილიზება კოვიდისთვის შესაძლებელია ქვეყანაში. მეორე მხირვ, მნიშვნელოვანია ე.წ. ტრიაჟი და რამდენად სწორად გავაკეთებთ მას.

დღეს არსებული 5 000 ადამიანიდან, ვინც საავადმყოფოში წევს, მთელი რიგი ინდიკატორების მიხედვით, გარკვეული ნაწილი არ საჭიროებს საავადმყოფოებში მკურნალობას. ისინი საჭიროებენ კოვიდსასუტუმროებში ან ბინაზე მკურნალობას“, – ამბობს ის და ამატებს, რომ საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ნიშნული, რომლის თანახმადაც, კლინიკებში ინფიცირებულთა 15-20% გააგრძელებს მკურნალობას.

ჟურნალისტების დამატებით კითხვაზე, კონკრეტულად რას გულისხმობს სივრცეების მობილიზებაში და განიხილება თუ არა, მაგალითად, „სპორტის სასახლე“, გამყრელიძე პასუხობს:

„სპორტის სასახლის გარდა ბევრი სივრცე შეიძლება იქნეს.. სივრცეებში შეიძლება ბევრი რამე იქნეს განხილული, გარდა სპორტის სასახლისა. რატომ მაინცდამაინც სპორტის სასახლე? [ყველა ის ადგილი], სადაც ადაპტირება შესაძლებელია, თუ ეს დასჭირდა ქვეყანას.

ვსაუბრობ ადაპტირებულ სივრცეებზე, თუ ეს საჭირო გახდა. შეიძლება საგამოფენო სივრცეები, ან იგივე სამხედრო სივრცები და ა.შ. ამ დროს ყველაფერი განიხილება. მაგრამ ამ ეტაპზე ქვეყანას დამატებით შეუძლია 3 000 საწოლის მობილიზება“, – ამბობს ამირან გამყრელიძე და ამატებს, რომ თუ ქვეყანაში ინფიცირებულთა 15-20%-მდე იქნება კლინიკებში გადაყვანილი, „დიდი იმედი მაქვს, რომ დამატებითი სივრცეების მობილიზება, შესაძლოა, არ იყოს საჭირო“.

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მიერ გავრცელებულ მონაცემებს, ის ამბობს, რომ დღევანდელ საწოლფონდში 5 868 ადგილია, რომელთაგან 5319 დაკავებულია:

„ტრიაჟში იმყოფება 257, ხოლო თავისუფალი რაოდენობა არის 227. დღის ბოლომდე ჩვენ კიდევ ვამატებთ ადგილებს და საწოლფონდი იქნება 5 952“.

მისივე ინფორმაციით, ყოველდღიურ რეჟიმში კლინიკებში 100-200-მდე საწოლების მობილიზება ხდება, საღამოსკენ კი, მას შემდეგ, რაც პაციენტები კლინიკებიდან გაეწერებიან, სამინისტრო ელოდება, რომ კიდევ 800-დან 1 000-მდე საწოლი მზად იქნება.


26 თებევრლიდან დღემდე კორონავირუსის 82 835 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 65 291 გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 733.

დღევანდელი, 16 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3157 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი