ახალი ამბები

“არაფერი გამოვა, თუ მიშა არ ჩამოვა” სუს-ის ლოზუნგია – სააკაშვილი

15 ნოემბერი, 2020 • 1832
“არაფერი გამოვა, თუ მიშა არ ჩამოვა” სუს-ის ლოზუნგია – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს Facebook Live-ში ერთ-ერთმა მომხმარებელმა მისწერა, რომ “არაფერი გამოვა, თუ მიშა არ ჩამოვა”, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ ეს სუს-ის და ბიძინა ივანიშვილის ლოზუნგია.

“ეს არის ის, რომ თითი არ გაანძრიოთ, რა მნიშვნელობა აქვს, მიშა თუ არ ჩამოვაო… მე არც მჯერა, რომ თქვენ ხართ ჩვენი მხარდამჭერი… “თქვენ თუ გადაგვარჩენთ, თორემ არაფერი გამოვა” არის სუს-ის და ივანიშვილის მესიჯები. კი არ გეკამათებით, ჩემი აზრი მინდა იცოდეთ”, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვიილის თქმით, ძალიან მადლობელია ყველა ადამიანის, ვისაც დემონსტრაციებზე მისი მხარდამჭერი პლაკატები უჭირავს, მაგრამ ახლა ქვეყნის საკითხი წყდება და არა — სააკაშვილის.

“მე შემიძლია ჩამოვიდე და თავი შევწირო, მაგრამ თქვენთვის შედეგი იქნება? ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე, ზვიად გამსახურდია… რა გინდათ? კი ბატონო, ჩამოვალ, შევწირავ თავს, მაგრამ თქვენ რა გინდათ, გამარჯვება თუ ზვარაკად კიდევ ერთი პრეზიდენტის მიტანა? ეს ერთად გადავწყვიტოთ და თუ თქვენ გადაწყვეტთ ეს არის მნიშვნელოვანი, თავის შეწირვისთვისაც მზად ვარ”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მას ასევე ჰკითხეს, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე რატომ არ რთავენ, რაზეც უპასუხა, რომ თვითონ არ ერთვება.

მიხეილ სააკაშვილმა შეაქო “გირჩი” და ალეკო ელისაშვილი და თქვა, რომ ახლა ყველა ერთიანი უნდა იყოს.

“მე ძალიან მომწონს ალეკო ელისაშვილი, ძალიან მებრძოლი და კარგი ადამიანი ჩანს. არ ვიცნობ პირადად, იმედია გავიცნობ და თვითონაც ბევრი სტერეოტიპი ჩემთან დაკავშირებით მოეხსნება”, – აღნიშნა მან.

“გირჩთან” დაკავშირებით კი მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ “საინტერესო ხალხია და ძალიან მაგრად იბრძვიან”.


ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხი ბოლო პერიოდში ოპოზიციის კამათის მიზეზად იქცა.

13 ნოემბერს Facebook Live-ში მიხეილ სააკაშვილმა თქვა: “გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ”. 14 ნოემბერს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ზოგიერთ მონაწილეს გამოჩნდა პლაკატებით: “ვითხოვთ მიშას”

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის ვერანაირ საჭიროებას ვერ ხედავს.

„ხომ არის იქ, რაღაც თანამდებობაზე, აკეთოს ის საქმე, კაცო. ხომ ემსახურება უკრაინას, ემსახუროს უკრაინას, ჩვენ თავი დაგვანებოს. საკმარისი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს და ეს პროცესი მიდის ზუსტად იმ მოლაპარაკებაზე, ეს პროცესი მიდის აქციაზე, ხოდა, ნუ ურევს ყველაფერს“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

ელისაშვილის ამ კომენტარს ენმ-ის წევრ გიორგი ბარამიძის გაღიზიანება მოჰყვა.

“ალეკო, აი, ახლა შენ შარზე თუ არ ხარ და ოპოზიციის ერთიანობის დარღვევას ხელოვნურად არ ცდილობ, ეს სისულელე როგორ უნდა გეთქვა?”, – დაწერა ბარამიძემ სოციალურ ქსელში.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხზე კამათი “ტვ პირველის” ეთერში გაგრძელდა, სადაც გიორგი ბარამიძეს ალეკო ელისაშვილი, გიგა ბოკერია და ნინო ბურჯანაძე დაუპირისპირდნენ.

ამავე თემაზე:

აღარ გაიმეოროს, ოპოზიციას თუ უნდა, მითხრან, ჩამოვალო – სამადაშვილი სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი