ნეტგაზეთი | აღარ გაიმეოროს, ოპოზიციას თუ უნდა, მითხრან, ჩამოვალო – სამადაშვილი სააკაშვილზე აღარ გაიმეოროს, ოპოზიციას თუ უნდა, მითხრან, ჩამოვალო – სამადაშვილი სააკაშვილზე – Netgazeti
RU | GE  

აღარ გაიმეოროს, ოპოზიციას თუ უნდა, მითხრან, ჩამოვალო – სამადაშვილი სააკაშვილზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ვერ ჩამოიყვანს და ვერც მიდ დაბრუნებას შეეწინააღმდეგება.

სამადაშვილის თქმით, დაბრუნდება თუ არა საქართველოში, პერსონალურად მიხეილ სააკაშვილის გადასაწყვეტია.

“იმედია, ხალხს, ვისაც გუშინ მიშას ტრანსპარანტები ეჭირა, ესმის, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ოპოზიციაში ვერავინ შეეწინააღმდეგება. ტექნოლოგიურად არ შეუძლიათ, არ აქვთ ამის პოლიტიკური და იურიდიული ბერკეტი, რომც უნდოდეთ. ასევე, ვერ “ჩამოიყვანენ” სურვილის შემთხვევაში. ვერავინ ეტყვის, გარისკოს საკუთარი სიცოცხლე და თავისუფლება, დაბრუნდეს თუ არა. მისი გადასაწყვეტია”, – წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

დეპუტატის თქმით, მას უპერსპექტივოდ მიაჩნდა მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ეს ნაბიჯი არ იყო პოპულარული საერთაშორისო ასპარეზზე და არ ურჩევდა, თუმცა, უკრაინელი ხალხის სიყვარულის მოპოვებაში მისმა ამ თავგანწირვამაც ითამაშა როლი.

“ამიტომ, მართალი თქვა, შემეშვითო, თავად მივხედავ ჩემს საქმესო. მაგრამ ასევე სწორი იქნება, აღარ გაიმეოროს, ოპოზიციას თუ უნდა, მითხრან, ჩამოვალო. ვერავინ ეტყვის, ვერც დაუშლის. ის, რომ მას შეუძლია არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა, შესაბამისი პოლიტიკური დივიდენდის და ფასის მომკით, ვიცით. მრჩევლები ნაკლებად სჭირდება”, – ამბობს სამადაშვილი.

სამადაშვილი ასე ეხმაურება ოპოზიციის ლიდერებს შორის კამათს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხზე.

13 ნოემბერს Facebook Live-ში მიხეილ სააკაშვილმა თქვა: “გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ”. 14 ნოემბერს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ზოგიერთ მონაწილე გამოჩნდა პლაკატებით: “ვითხოვთ მიშას”

ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

Posted by Netgazeti on Saturday, 14 November 2020

 

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის ვერანაირ საჭიროებას ვერ ხედავს.

„ხომ არის იქ, რაღაც თანამდებობაზე, აკეთოს ის საქმე, კაცო. ხომ ემსახურება უკრაინას, ემსახუროს უკრაინას, ჩვენ თავი დაგვანებოს. საკმარისი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს და ეს პროცესი მიდის ზუსტად იმ მოლაპარაკებაზე, ეს პროცესი მიდის აქციაზე, ხოდა, ნუ ურევს ყველაფერს“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

ელისაშვილის ამ კომენტარს ენმ-ის წევრ გიორგი ბარამიძის გაღიზიანება მოჰყვა.

“ალეკო, აი, ახლა შენ შარზე თუ არ ხარ და ოპოზიციის ერთიანობის დარღვევას ხელოვნურად არ ცდილობ, ეს სისულელე როგორ უნდა გეთქვა?”, – დაწერა ბარამიძემ სოციალურ ქსელში.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხზე კამათი “ტვ პირველის” ეთერში გაგრძელდა, სადაც გიორგი ბარამიძეს ალეკო ელისაშვილი, გიგა ბოკერია და ნინო ბურჯანაძე დაუპირისპირდნენ.

აღნიშულ ეთერში “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ თქვა, რომ სააკაშვილს “ეყო ჭკუა”, როცა აქციაზე არ ჩაერთო. სალომე სამადაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს მომიტინგეებისადმი მიმართვის ისეთივე უფლება აქვს, როგორც ყველას.

“საქართველოში რომ იყოს, სცენაზე არ იდგებოდა? რა პრობლემაა? თუ იმ სცენაზე რომელიმე გამომსვლელს, მიაჩნია, რომ მიშას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა კანონიერი და სამართლინია, მაგით დაიწყოს გამოსვლა და ვნახავთ. ისე, ერთმანეთს ხომ ვიტანთ, მიუხედავად განსხვავებებისა, სააკაშვილის სკაიპით გამოსვლა რა პრობლემაა? მინიმუმ ისეთივე უფლება აქვს, როგორც ყველა სხვას, გამოვიდეს. ტრანსპარანტის დაჭერის უფლებაც, არ მეგონა, დასამტკიცებელი თუ გახდებოდა იმ ხალხისთვის, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის. ასე რომ მშვიდად, მეგობრებო, ბიძინაზე ვკონცენტრირდეთ, აჯობებს”, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერის შემდეგ პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ მთავარი თემაა ერთიანობა გაყალბებული არჩევნების გაუქმების მოთხოვნით და არა მისი როლის შეფასება.

“ამიტომ, მოდით ჩემზე დებატებს თავი დავანებოთ და მივხედოთ მთავარ თემას. მთავარი თემის გადაწყვეტის შემდეგ, ქართველი ხალხი ყველას თვითონ მიუჩენს თავის ადგილს. მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება მის სამართლიანობაში. მე რაც შემეხება, არ გამაჩნია ცალკე აღებული არანაირი ამბიციები და არ ვაპირებ არავისთვის არც კაბინეტის წართმევას და არც თანამდებობის”, – წერს სააკაშვილი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.