ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“რუსეთის ჯარი ყარაბაღში არ იწვევს უსაფრთხოების განცდას” – რას ფიქრობენ სომხეთში

15 ნოემბერი, 2020 • 2361
“რუსეთის ჯარი ყარაბაღში არ იწვევს უსაფრთხოების განცდას” – რას ფიქრობენ სომხეთში

ავტორი: ჟურნალისტი ტიგრანუი მარტიროსიანი, ერევანი


ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ სამმხრივ განცხადებაზე დათანხმების შესახებ, Სომხეთის ხელისუფლების ოფიციალური განმარტებები, სომხეთში პოლიტიკური ექსპერტებისთვის ნაწილისთვის საკმარისი არ არის, თუმცა, არც იმის მოლოდინი აქვთ, რომ ნიკოლ ფაშიანიანის ხელისუფლებიდან ჩამოშორებით ყარაბაღის საკითხში უკეთესი შედეგი დადგება.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში სომხეთის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილმა პოლიტიკურმა პარტიებმა და მათ მხარდამჭერებმა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი “სახელმწიფო ღალატში, მიწების გაყიდვაში, გარიგებასა და ხალხის ზურგს უკან გადაწყვეტილების მიღებაში” დაადანაშაულეს.

ამასთან, სომხეთში კონფლიქტოლოგებისა და პოლიტოლოგების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პრემიერ- მინისტრის მიერ ხელმოწერილი განცხადება, “ვერანაირად ვერ იქნება სომხეთისა და ყარაბაღის ინტერესებში”.

“Რეალურად, მომხდარის ადეკვატური ახსნა ვერ მოვისმინეთ. Მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტსაც არ აცნობეს. ვისთან განიხილებოდა საკითხი, ვინ იღებდა გადაწვეტილებას? ისიც არ მესმის, სამხხრივი განცხადება როგორ შეიძლება ომის დასრულების საფუძველი გახდეს. ეს არ არის შეთანხმება, ეს უბრალოდ განცხადებაა. რა სამართლებრივი ძალა აქვს? უნდა გვიპასუხონ ასევე იმაზე, რატომ არ იყვნენ ამის შესახებ ინფორმირებული ეუთოს მინსკის ჯგუფის სხვა თანათავმჯდომარეები – აშშ და საფრანგეთი. ვფიქრობ, რუსეთმა ისარგებლა იმით, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ეიფორიაა, საფრანგეთში დაძაბული ვითარება და საკუთარი სამშვიდობო ჯარის განლაგების გეგმა სისრულეში მოიყვანა”, – გვეუბნება პოლიტიკის საკითხების მკვლევარი და სოციოლოგი კარენ სარქისიანი.

1994 წელს სომხეთს, ყარაბაღსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანმების ხელმოწერის შემდეგ კონფლიქტის დარეგულირების რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა, საიდანაც ზოგიერთი ითვალისწინებდა ტერიტორიების დაბრუნებას და აზერბაიჯანისთვის გადაცემას, თუმცა ყველა ამ შემთხვევაში, ყარაბაღის სტატუსი დაზუსტებული იყო.

ექსპერტების აზრით, ახალი განცხადება სწორედ ამიტომაც არის ყველაზე უარესი ვარიანტი, რადგან ყარაბაღს არანაირი სტატუსი არ აქვს და ჯერ კიდევ არავინ იცის, როდის გადაწყდება ეს საკითხი.

“ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით. გვაიძულეს ხელი მოგვეწერა. თავს მოგვახვიეს ეს განცხადება, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ ყარაბაღს დავკარგავდით. მაგრამ რა მოხდებოდა ხელი რო არ მოგვეწერა? შევძლებდით კი ბრძოლის გაგრძელებას? უფრო მეტ ტერიტორიას ხომ არ დავკარგავდით? დიახ, ეს მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი ვარიანტი იყო, რადგან ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით მოლაპარაკებებს, უბრალოდ ხელი მოვაწერეთ ტექსტს, რომელიც მოგვიტანეს”, – ამბობს ყარაბაღის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტი ტატულ აკოფიანი.

სომხეთში ფიქრობენ, რომ რუსეთს ყარაბაღში საკუთარი სამშვიდობოების განთავსების განზრახვა მრავალი წელია ჰქონდა და ამჟამად კარგი შესაძლებლობა გაუჩნდა, სურვილი რეალობად ექცია.

“ყარაბაღში რუსეთის ჯარი ყველასთვის საშიშია, მთელი რეგიონისთვის. მათი იქ ყოფნა არ იწვევს ჩვენში სიმშვიდეს და განცდას, რომ რეგიონში ისინი უსაფრთხოების გარანტი იქნებიან. როგორ შეძლებს იქ 2000 სამხედრო ამის უზრუნველყოფას. ეთნიკური წმენდა დაიწყება, ეკლესიები განადგურდება, შევლენ სახლებში, რუსები კი, ან შეძლებენ ამის შეჩერებას ან ვერ. მშვიდობიანი მოსახლეობის არსებობა საფრთხის ქვეშ დადგება”, – ამბობს კარენ სარქსიანი.

პოლიტოლოგ მოვსეს არუთუანიანის აზრით, თუკი სომხეთის წინა ხელისუფლება საზოგადოებასთან გულწრფელი იქნებოდა და მხარეებს შორის დახურულ კარს მიღმა განხილვებს გაასაჯაროვებდა, დღევანდელი შედეგი საზოგადოებისთვის მოულოდნელი არ იქნებოდა.

“სამწუხაროდ, ჩვენი ყოფილი ხელისუფლება მრავალი წლის განმავლოაბში გაურბოდა გულწრფელ საუბრებს სომხეთის საზოგადოებასთან და ამჯობინებდა დაპირებებს, რომლებიც რეალობასთან ახლოს არ იდგა. ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ გაგება იმის, თუ რა ხდებოდა განხილვებზე, რაზე საუბრობდნენ მხარეები”.

პოლიტოლოგი არმენ ვარდანიანი ყარაბაღთან დაკავშირებულ სიტუაციას “კაპიტუალციად” აფასებს.

“ჩვენ გადავცემთ აზერბაიჯანს ტერიტორიებს და სანაცვლოდ ვერაფერს ვიღებთ. ეს სუსტი შეთანხმებაა და მისი დარღვევა ნებისმიერ დროს შეგვიძლია, რადგან არც რუსი სამშვიდოებობის ყოფნა არ არის იქ ჩვენი უსაფრთხოების გარანტი”.

ვარდანიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეთანხმება მხოლოდ დროებით შეაჩერებს ცეცხლს და კონფლიქტს ვერ მოაგვარებს, რაც, მისი აზრით, ნიშნავს იმას, რომ სამხედრო შეტაკებებს მომავალშიც უნდა ველოდეთ.

“რუსეთმა მთელი რეგიონი საკუთარ კონტროლქვეშ აიღო. პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ დრომდე მხოლოდ ყარაბაღში არ მდგარა რუსული არმია, ახლა კი არის. შესაბამისად, ეს სიტუაცია რუსეთს სომხეთსა და აზერბაიჯანზე უფრო მეტი კონტროლისა და ზეწოლის მექანიზმს აძლევს,” – ამბობს ვარდიანიანი.

სოციოლოგისა და პოლიტიკური მიმომხილველის, კარენ სარქსიანის აზრით, რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიიდან დასავლეთის განდევნის კიდევ ერთი ფაქტი სომხეთში ევროპისადმი დამოკიდებულებას უკეთობისკენ შეცვლის.

“ამ ომის დროს ბევრმა გაიაზრა, რომ რუსეთი არ არის საიმედო პარტნიორი. პუტინი ადრე თუ გვიან წავა პოლიტიკიდან, მოთამაშეები შეიცვლებიან, პოლიტიკური სიტუაცია შეიცვლება, ჩვენ კი ამასობაში სხვა მხარეს უნდა ვესწრაფოთ და რუსეთს არ ჩამოვეკიდოთ”, – ამბობს კარენ საქრსიანი.

ყოფილი დიპლომატი დავით ოჰანესიანი იმედოვნებს, რომ მიმდინარე სიტუაცია სომხეთში, “ქართული სცენარით” განვითარდება და სომხეთშიც შეიცვლება რუსეთის მიმართ განწყობები.

“სომხეთში რუსეთზე აზრი შეიცვლება. ეს გარდაუვალია. ადამიანები ვერ შეეგუებიან იმას, რომ რუსეთი პროცესში ჩვენთვის არასახარბიელო როლით მონაწილეობს. ადამიანები ვერ აპატიებენ რუსეთს იმას, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში თურქეთი შემოიყვანა. ეს მიუღებელია ჩვენთვის, რადგან თურქეთი მთელი ომის განმავლობაში მხარს უჭერდა აზერბაიჯანს სხვადასხვა საშუალებით. დოკუმენტში არაფერია ნათქვამი თურქების როლზე, თუმცა ჩვენ ვნახეთ რუსეთისა და თურქეთის ხელმოწერილი შეთანხმება ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის შექმნაზე, რაც თავის მხრივ თურქეთის ჩარევის ზრდას ნიშნავს”, – ამბობს ოჰანესიანი.

ყოფილი დიპლომატი მიიჩნევს, რომ სომხეთმა სწორედ ახლა უნდა გამოიყენოს დამარცხება ახალი პარტნიორების მოსაძებნად და შეცდომების გამოსასწორებლად.

ფაშინიანის პოლიტიკური მომავალი 

ყარაბაღის გარშემო ტერიტორიებისა და შუშას დაკარგვა, ადამიანური დანაკარგები არ არის ის ფინალი, რომელსაც სომხები ელოდნენ. თუმცა, რისი შეცვლა შეუძლია დემონსტრანტებს, რომლებიც დედაქალაქის ქუჩებში ახლა ნიკოლ ფასინიანის გადადგომას და ხელმოწერილი შეთანხმების გაუქმებას ითხოვენ?

სომხეთში საზოგადოების ნაწილი დღეს პრემიერ მინისტრს ეროვნული ინტერესების ღალატში დებს ბრალს და ამჟამინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ “სახელმწიფოს ფული ნაკლებად რომ “ეჭამათ”, ტექნიკურად ძლიერი და მდიდარი არმია ეყოლებოდა სომხეთს”.

ამასთან, პოლიტოლოგების ნაწილი შიდა სტაბილურობის საფრთხეს ხედავს, და აცხადებს, რომ სომხეთმა შესაძლო სამოქალაქო ომი  უნდა აირიდოს.

ამავე დროს, ვნებები არ ცხრება თავად ფაშინიანის გუნდის ქცევის გამოც, რამდენადაც ისინი არ აკეთებენ განცხადებებს შექმნილ მდგომარეობაზე, არ ხვდებიან კოლეგა დეპუტატებს, არ შედიან სხდომებზე. კრიტიკაზე დღეს მხოლოდ ფაშინიანი პასუხობს.

“ყველაზე დიდი დანაშაული, რომელსაც მომაწერენ, იმაში მდგომარეობს, რომ ამ განცხადებას ხელი მოვაწერე. ეს იყო დოკუმენტი არა მიწების გადაცემაზე, არამედ მათ შენარჩუნებაზე. ის იყო იმ სიტუაციაში ხელმოწერილი, როდესაც შუშა უკვე აღებული იყო, როდესაც სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მომახსენეს, რომ რესურსების პრობლემა გვაქვს. დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ სტეპანაკერტი და ასკერანი შემდეგი იქნებოდნენ”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინაინმა.

ფაშინიანი ამავე დროს, იმ ადამიანებს ადანაშაულებს,  რომლებიც დღეს ქუჩაში საპროტესტოდ გამოდიან და თავად საომრად არ წასულან.

დღეს სომხეთში პოლიტიკის ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას რეალურად არ შეუძლია და არც უნდა შეთანხმების გაუქმება, მათი სურვილი მხოლოდ ხელისუფლების შეცვლაა.

“მატარებელმა ჩაიარა. განცხადებას ვერ დაარღვევ. მასზე უარი ომს ნიშნავს. ჩვენ არც საერთაშორისო მოთამაშეები გაგვიგებენ და არც დაგვეხმარებიან. თურქული არმიის წინააღმდეგ მხოლოდ სულისკვეთებით ვერ იბრძოლებ, ეს შეუძლებელია. დავუშვათ, წავიდა ფაშინიანი, ვინც მოვა, ის რას შეცვლის? შეთანხმებას შეცვლის? სწორედ ამ მიზეზის გამო ნიკოლ ფაშინიანს თანამდებობის შენარჩუნების შანსი აქვს”, – ამბობს პოლიტოლოგი ალექსანდრ ისკანდარიანი.

ანალიტიკოსი რუბენ მეგრაბაინი აცხადებს, რომ არჩევანი გაკეთებულია “ცუდსა და უარეს” ვარიანტებს შორის.

“ისინი [ოპოზიცია] ცდილობენ დაღვრილი სისხლი გამოიყენონ, იყენებენ მომენტს ხელისუფლების შესაცვლელად. მე მესმის ნაწყენი ადამიანების, თუმცა არა რევოლუციონერების, რომლებიც მანიპულირებენ ამ საკითხით. ეს უზნეობაა. პირდაპირი გზა ქაოსისკენ, უმართაობისკენ. რუსი სამშვიდობოები უკვე დგანან ყარაბაღში, არავინ იცის, როდემდე. ფაშინიანის ყოფნა-არყოფნით არაფერი შეიცვლება”, – ამბობს მეგრაბიანი.

ნიკოლ ფაშინიანი გადადგომას არ აპირებს. მეტიც, მიტინგების ორგანიზატორებს აკავებენ იმ საბაბით, რომ სომხეთში ჯერ კიდევ არ გაუქმებულა საომარი მდგომარეობა, რომლის დროსაც შეკრებები და მიტინგების გამართვა იკრძალება.

რამდენს ხანს გაძლებს ფაშინიანი ხელისუფლებაში, რთულია სათქმელია. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს მომავალში აქციის მონაწილეთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. თუ ბევრი მოქალაქე მოინდომს ამას, ეს ხელისუფლებაზე მოახდენს ზეწოლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი