ახალი ამბები

“არაფერზე გვითქვამს უარი” – ოპოზიციის პასუხი კალაძეს

14 ნოემბერი, 2020 • 1012
“არაფერზე გვითქვამს უარი” – ოპოზიციის პასუხი კალაძეს

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ეხმაურებიან “ქართული ოცნების” განცხადებებს, რომელთა თანახმადაც ოპოზიციონერებმა უარი თქვეს შეთავაზებაზე ხმების გადათვლასთან დაკავშირებით. ისინი, ერთი მხრივ, უარყოფენ კახა კალაძის მიერ გავრცელებულ ცნობებს, მეორე მხრივ კი ამბობენ, რომ ხმების გადათვლა პრობლემას ვერ გადაჭრის.

“რა თქმა უნდა, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ არანაირი ხმების გადათვლა, ბუნებრივია. ხმების გადათვლა შედეგების სურათს ვერ აჩვენებს. იქ იმდენად არის ხმები დაკარგული, როგორ გადავთვალო მე კარუსელში მონაწილე ხალხი, ხომ არ იცით? როგორ გადავთვალო ის ხალხი, ვისაც პირადობის მოწმობები წაართვეს და ჩამოართვეს? უბნების გადათვლა კი არა, ხელახალი არჩევნები, ეს არის წითელი ხაზი”, – უთხრა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა, “რუსთავი2”-ს.

პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, კალაძე ტყუის, როცა ოპოზიციის უარზე საუბრობს.

“არაფერზე უარი არ გვითქვამს. ეს არის ტყუილი. რაც შეეხება გადათვლას, გადათვლაზე ცესკომ თქვა უარი გუშინდელი გადაწყვეტილებით, როცა გააქრეს სამართლებრივად და ტექნიკურად ამის შესაძლებლობა”, – თქვა მან “ფორმულასთან” საუბრისას.

ელისაშვილის თქმით, ოპოზიციას რომ რაიმეზე უარი ეთქვა, მოლაპარაკებები ვერ გაგრძელდებოდა. მანვე “მდარე საქციელი უწოდა” კახა კალაძის ზემოხსენებულ ბრიფინგს და თქვა, რომ ამ ფორმით, თბილისის მერმა დაარღვია დათქმა, რომლის თანახმადაც მოლაპარაკებებში ჩართულმა მხარეებმა შეხვედრების დეტალებზე საჯაროდ არ უნდა ილაპარაკონ.

ალეკო ელისაშვილის მსგავსად, “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერიაც აღნიშნავს, რომ თავად ცესკომ ჩაკეტა გზა უბნების გადათვლისთვის, როცა 13 ნოემბრის სხდომაზე ოპოზიციისა და არასამთავრობოების არცერთი საჩივარი დააკმაყოფილა. მანვე უარყო კალაძის ინფორმაცია ოპოზიციის უარის შესახებ.

“გუშინ “ცესკოში” რაც ქნეს, ნაჩქარევად, უკანონოდ, ძალადობით რომ შეაჯამეს ეს ყველაფერი, მეტყველებს იმ პანიკაზე, რაც აქვს ამ რეჟიმს. გადათვლისა და გახსნისათვის კი უმ უბნებისა, რომლებზეც ოპოზიციის საჩივრები იყო, თვითონ არ იყვნენ მზად, თვითონ გვითხრეს უარი. მათი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის ყველა ის ინსტიტუტი, რომელმაც უარი გვითხრა ამ თემაზე…

უარი რანაირად უნდა გვეთქვა? ეგ[უბნების გადათვლა] არ არის გამოსავალი, თორემ ეგ უნდა მომხდარიყო…” – ამბობს ბოკერია.

რამდენიმე საათით ადრე, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ ოპოზიციას შესთავაზეს, გადათვლილიყო 1 500 უბანი, რომლებთან დაკავშირებითაც კითხვებს სვამდნენ, რაზეც “ოცნებამ” უარი მიიღო.

“ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 14 ნოემბერს, კვლავ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შედგა. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თქვეს, რომ “ცესკოს” გადაწყვეტილების შემდეგ, ხმების გადათვლის საკითხი საბოლოოდ დაიხურა და მოლაპარაკების მაგიდაზე დარჩა ერთადერთი საკითხი: ხელახალი არჩევნების ჩატარება.

თავის მხრივ, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა არ ფიქრობს, რომ ა”ამ ფორმატში დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის დასრულდება და ამოიწურება”.

“გადათვლის საკითხი დაიხურა” – რას ამბობენ ოპოზიციონერები მოლაპარაკების II რაუნდის შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი