ახალი ამბები

ვაქცინა 700 ათასი ადამიანისთვის: საქართველომ თანხის ნაწილი უკვე გადარიცხა

13 ნოემბერი, 2020 • 1328
ვაქცინა 700 ათასი ადამიანისთვის: საქართველომ თანხის ნაწილი უკვე გადარიცხა

საქართველომ “ვაქცინების გლობალური ალიანსის” პლატფორმაზე 700 000 ადამიანისათვის სამყოფი ვაქცინის დოზის შესაძენად საჭირო თანხის ნაწილი უკვე გადარიცხა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის(NCDC) წარმომადგენლებმა 13 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო თანამშრომლობს “კოვაქს” პლატფორმასთან, რომელიც “ვაქცინების გლობალური ალიანსის” ნაწილია. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე დიდი მოლოდინი არსებობს სამ ვაქცინასთან დაკავშირებით, რომლებიც კვლევების ბოლო, ე.წ. კლინიკურ ეტაპზე არიან. მათ შორისაა გერმანიის ერთ-ერთი ბიოტექნოლოგიური კომპანიისა და Pfizer-ის მიერ შექმნილი ვაქცინა, ასევე, ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ასტრა-ზენეკას მიერ შექმნილი ვაქცინა და ამერიკული Moderna-ს ვაქცინა.

“ეს პლატფორმა[კოვაქსი] რომელ ვაქცინას შეისყიდის ჩვენი ტიპის [ქვეყნებისთვის] და მათ შორის, საქართველოსთვის, ჩვენ ეს ჯერ არ ვიცით. რომელი ვაქცინაც დამტკიცდება – იქნება ეს გერმანული, ბრიტანული, ამერიკული თუ სხვა წარმოების – იმის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება”, – აღნიშნა მან.

მისივე განცხადებით, თითქმის ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს არის კვლევების ფაზაში, არის ორჯერადი გამოყენების. ეს იმას ნიშნავს, რომ ხდება ორჯერადი ინექცია 3 ან 4 კვირის გამოტოვებით, რათა მყარი იმუნიტეტი გამომუშავდეს.

გამყრელიძის თქმით, ქართულ მხარეს დაკვეთილი აქვს ვაქცინის დოზა, რომელიც 700 000 ადამიანს მოიცავს. აღნიშნული დოზა $17 მილიონი ჯდება, საიდანაც საქართველოს $4 მილიონი უკვე გადახდილი აქვს.

“როდესაც რომელიმე ჩემ მიერ დასახებეული ან კიდევ სხვა ვაქცინა, რომელიც დამტკიცდება აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის, ევროპის წამლის სააგენტოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, საქართველო მიიღებს ამ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინას და აიცრება 700 000-მდე ადამიანი, თანდათან, პირველ რიგში, ესენი იქნებიან მაღალი რისკჯგუფები და ეს რისკჯგუფები თითქმის უკვე განსაზღვრულია ჯანმოს მიერ”, – თქვა მან.

ვინ შედის რისკჯგუფებში, რომელთაც პირველ რიგში აცრიან? დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, აღნიშნულზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა დადგენილია, რომ უპირველეს ყოვლისა, ესენი იქნებიან COVID-19-ის მძიმე განვითარების რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეები.

“ეს უპირატესად ეხებათ ხანდაზმულ ადამიანებს, რომელთა ასაკი ქვეყნის ასაკობრივი სტრუქტურისა და ავადობის მიხედვით ირჩევა.. ასევე, სასუნთქი სისტემის ქრონკული დააადების მქონე პირები ხანდაზმულ ასაკში და გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე პირები ხანდაზმულ ასაკში”, – თქვა მან.

ორი დღით ადრე, 11 ნოემბერს, NCDC-ს ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ საქართველო კორონავირუსის ვაქცინას 2021 წლის გაზაფხულამდე არ უნდა ელოდოს.

ვაქცინა ფართო მოხმარებისთვის ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, აპრილისთვის იქნება — ფაუჩი

მასალების გადაბეჭდვის წესი