ახალი ამბები

ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯემებელი ოქმების შედგენა დიალოგის უპატივცემულობაა — ვაშაძე

13 ნოემბერი, 2020 • 1214
ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯემებელი ოქმების შედგენა დიალოგის უპატივცემულობაა — ვაშაძე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ცესკოს მიერ დღეს, 13 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების შემაჯემებელი ოქმების შედგენა არის ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის დიალოგის უპატივცემულობა.

“ეს არის დიალოგის უპატივცემულობა. ეს არის იმ ადამიანების უპატივცემულობა, რომლებიც თავის სახელმწიფოს პრესტიჟს, თავის პროფესიონალურ დროს და საქართველოს სიყვარულს ახარჯავენ იმაზე, რაც ქართველებმა თვითონ უნდა გააკეთონ”, — განაცხადა ვაშაძემ “მთავარი არხის” ეთერში.

დღეს, 13 ნოემბერს, ცესკოში სხდომა დაინიშნა. სხდომის დღის წესრიგში 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებისა და  მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამებაა შეტანილი.

ამასთან ერთად, ცესკოს დღევანდელი სხდომის დღის წესრგშია  ,,ევროპული საქართველოს”,  ,,ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“,  “პატრიოტთა ალიანსის“,  პოლიტიკური გაერთიანების ,,სამართლიანობისთვის“,  ,,გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საიას მიერ  შეტანილი საჩივრების განხილვაც.

კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგები არაუგვიანეს 19 ნოემბრისა ცესკოს სხდომაზე უნდა შეჯამდეს.

გრიგოლ ვაშაძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, მაშინ რა აზრი აქვს დიალოგს, ვაშაძე პასუხობს:

“ჩვენ აუცილებლად უნდა შეგვეძლოს საქართველოს მოქალაქისთვის იმის თქმა, რომ ჩვენ ამოვწურეთ ყველა შესაძლებლობა და ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მათი ხმები დაგვეცვა. გამოჩნდეს, რომ ხელისუფლებას არ აქვს არავითარი სურვილი იმისა, რომ საერთო ეროვნული კომპრომისი გამოინახოს”.

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი თამარ კორძაია ამბობს, რომ ცესკო ადამიანებს არ უტოვებს საჩივრების განხილვის სამართლებრივ გზას და უბიძგებს, რომ ქუჩაში გამოვიდნენ. მისი თქმით, საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკოს არჩევნების შედეგების შეჯამება საერთო სასამრთლოებში არსებული შესაბამისი დავების დასრულებამდე აკრძალული აქვს.

“დღეს რას გვეუბნება ცესკო? — არც თქვენს საჩივრებს ვიხილავ ადგილზე და არც იმას დაველოდები, რომ სასამართლოში გაასაჩივრებ ამას, ისე აჯამებს ამ შემაჯამებელ ოქმებს. ამაზე მეტი კანონდარღვევა რა უნდა იყოს?”,— განაცხადა კორძაიამ “მთავარ არხთან”.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ახალი არჩევნების დანიშვნისა და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენების მოთხოვნით აქციებს მართავს.

არჩევნებიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ, 12 ნოემბერს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, ელჩების მედიაციით, პირველად შედგა შეხვედრა, რომელიც უფრო “მოთელივით” ხასიათს ატარებდა და ჯერჯერობით მხოლოდ ის გაირკვა, რომ მხარეებს შორის პოზიციებში რადიკალური სხვაობა არსებობს, ჩაინიშნა დიალოგის მომდევნო რაუნდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი