ახალი ამბები

მოლაპარაკებების მიუხედავად, საპროტესტო აქციები გაგრძელდება – ოპოზიცია

13 ნოემბერი, 2020 • 909
მოლაპარაკებების მიუხედავად, საპროტესტო აქციები გაგრძელდება – ოპოზიცია

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, “ქართულ ოცნებასთან” მოლაპრაკებების დაწყების მიუხედავად, მათ მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციები გაგრძელდება, მათ შორის, კვლავ ძალაში რჩება ხვალ, 14 ნოემბერს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ დანიშნული აქცია, რომელიც ოპოზიციამ რამდენიმე დღის წინ დააანონსა. ამის შესახებ “ლელოს” ოფისში შეკრების შემდეგ განცხადებები გააკეთეს “ევროპული საქართველოს”, “ლელოს” და “დემოკრატიული საქართველოს” წარმომადგენლებმა.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგალავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, ოპოზიცია პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს:

“მინდა მოვუწოდო ყველას, მოდით ხვალ, შაბათს, 15:00 საათზე, რუსთაველზე, პარლამენტის წინ. უნდა ვიყოთ ბევრი, რაც შეიძლება ბევრი იმიტომ, რომ პროცესი დაიძრა თქვენი მონაწილეობით, თქვენი ზეწოლით რეჟიმმა უკან დაიხია და ჩვენ ამის სადემონსტრაციოდ კიდევ უფრო მეტნი უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ პროცესები წავიდეს აბსოლუტურად მშვიდობიანად და წავიდეს ხალხის გამარჯვებისკენ. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ გაყალბებული არჩევნების პრაქტიკა და კითხვები აღარ უნდა დარჩეს საზოგადოებას. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი, ამიტომ დაგეგმილი აქციები თავისი რიგით გაგრძელდება.

მოლაპრაკებებს რაც შეეხება, ამას თავისი დღის წესრიგი აქვს. გუშინდელმა დღემ ანახა, რომ მოლაპარაკებებისთვის პოლიტიკური ოპოზიცია ყოველთვის მზად იყო. ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო მოთხოვნები და ეს მკაფიო მოთხოვნები გულისხმობს ახალ არჩევნებს. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ვადებზე და სხვადასხვა ტექნიკურ დეტალებზე, მაგრამ არსებითია, რომ გაყალბებულ არჩევნებს საზოგადოება და პოლიტიკური ოპოზიცია არ იღებს”, – განაცხადა უგულავამ “ლელოს” ოფისში ოპოზიციის შეკრების შემდეგ.

რაც შეეხება გუშინ, აშშ-ს ელჩის რეზიდენციანში ოპოზიციისა და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრის დეტალებს, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მონაწილე მხარეების შეთანხმებიდან გამომდინარე, დეტალების შესახებ ვერ ისაუბრებს.

“ლელოს” ოფისში ოპოზიციის წარმოამდგენლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა “ლელოს” წარმოამდგენელმა, საბა ბუაძემაც. მისი თქმით, ოპოზიცია საპროტესტო აქციების გაუქმებას არ აპირებს:

“ხვალ დაგეგმილ აქციაზე ჩვენ ჩვენს ლეგიტიმურ მოთხოვნას კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ, საზოგადოებრივი პროტესტის კონსოლიდაციას მოვახდენთ და გავემიჯნებით იმ სიცრუეს, რომელიც არჩევნებზე ვიხილეთ. კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ამ პარლამენტში ქართული პოლიტიკური სპექტრი შესვლას არ აპირებს”, – განმარტა ბუაძემ.

მისი თქმით, მოლაპრაკებების მიუხედავად, აქციები კვლავ გაგრძელდება, რადგან ეს არის “ადამიანების გულწრფელი პროტესტის გამოხატულება, რომელსაც პოლიტიკური პარტიები უკეთებენ ხოლმე ორგანიზებას”. ბუაძის თქმით, ეს აქციები ოპოზიციური პარტიების ორგანიზების გარეშეც გაიმართებოდა.

ბუაძემ ასევე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებითაც. მისი განმარტებით, პომპეოს საქართველოში ვიზიტისას სტანდარტული საპროტესტო აქცია არ გაიმართება, არამედ ეს იქნება “მდუმარე შეკრება”:

“ეს იქნება ერთგვარი იმედიანი მისალმება სახელმწიფო მდივნის მიმართ, სადაც ჩვენ მდუმარე ფორმაში ჩვენს ერთიანობას და არჩევნების მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას დავაფიქსირებთ. ეს არ მოდის არანაირ წინააღმდეგობაში და კონფლიქტში ამ ვიზიტთან. გეოგრაფიულადაც არ იქნება გადაჯაჭვული და ვეცდებით, რომ ეს პროტესტი იყოს მაქსიმალურად განსხვავებული იმ პროტესტისგან, რომელსაც აქამდე ვმართავდით”, – განაცხადა ბუაძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა ოპოზიციის სრულ შემადგენლობას სურს, თუმცა მათ ესმით ისიც, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი რამდენიმე თვით ადრეა გაწერილი, რომელსაც “სხვა დატვირთვაც” ახლავს თან. მისი განმარტებით, ოპოზიციური პარტიების გზავნილი პომპეოსთვის სხვადასხვა წყაროების მეშვეობით უკვე ცნობილია და შეხვედრა შედგება თუ არა, “ეს ტექნიკური საკითხია”.

ამასთან, ჟურნალისტებმა ბუაძეს ჰკითხეს  ოპოზიციისა და “ქართული ოცნებას” შორის მოლაპარაკებების დაწყებაზეც, რაზეც ბუაძემ უპასუხა, რომ “ეს არის “ქართული ოცნების” მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯი და აღიარება, რომ მათ [ქართულმა ოცნებამ] შექმნეს პოლიტიკური ჩიხი”.

საპროტესტო აქციებში ჩართულობის გაგრძელებაზე ისაუბრა ჟურნალსიტებთან “დემოკრატიული საქართველოს” წევრმა, ანზორ ბიწაძემაც. მისი თქმით, მოლაპარაკებების პარალელურად მშვიდობიანი აქციების გაგრძელება მნიშვნელოვანია და არაფერი შეიცვლება, თუ “ბიძინა ივანიშვილს ქართველმა ხალხმა არ გავაგებინეთ, რომ ამ ქვეყანაში ხელისფულების წყარო არის ხალხი”. ბიწაძის თქმით, ამ მესიჯის “ქართულ ოცნებამდე” მიტანის ერთადერთი გზა “ქართველი ხალხის ძალის მშვიდობიანი დემონსტრირებაა”.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის, ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, არჩევნების შემდეგ პირველი შეხვედრა გუშინ, 13 ნოემბერს გაიმართა. მოლაპარაკებების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა შეხვედრის დეტალებზე კომენტარები არ გააკეთეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ეს მნიშვნელოვანი დასაწყისია. ოპოზიციისა და მთავრობის წარმომადგენლების თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა არგუმენტები გაცვალეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი