ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსი მშვიდობისმყოფელები სტეფანაკერტში ჩავიდნენ – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

13 ნოემბერი, 2020 •
რუსი მშვიდობისმყოფელები სტეფანაკერტში ჩავიდნენ – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში იუწყებიან, რომ ყარაბაღის ახალი შეთანხმების შემდეგ, რუსი მშვიდობისმყოფელები მთიან ყარაბაღში, ქალაქ სტეფანაკერტში ჩავიდნენ.

РИА Новости-ის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა 12 ნოემბერს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  რუსეთის მე-15 სამშვიდობო ბრიგადა 17:00 საათზე შევიდა ქალაქში.

კონაშენკოვის განცხადებით, ახალ კონტაქტის ხაზზე დაცულია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

ამასთან, მან განაცხადა, რომ მშვიდობისმყოფელები უკვე განლაგდნენ ლაჩინის დერეფნის მონაკვეთზე, ექვს დროებით პოსტზე, რათა უზრუნველყონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების კონტროლი.


10 ნოემბერს ღამით, კონფლიქტის მხარეების განცხადებით, ხელი მოეწერა მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას და 9-პუნქტია შეთანხმებას, რომელიც ძალაში მოსკოვის დროით 00:00 საათიდან შევიდა.

შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი ამბობს, რომ:

  • რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდებიან ახალი „კონტაქტის ხაზის“ გასწვრივ; ამასთან, ლაჩინის კორიდორში ჩაგდება 1960 მშვიდობისმყოფელი, 90 შეიარაღებული მანქანით, 380 სხვა ტიპის ავტომობილითა და სხვა სპეციალური აღჭურვილობით;
  • ისინი, სულ მცირე, 5 წლის ვადით განთავსდებიან, თუმცა, დარჩენის პერსპექტივით;
  • „იმისათვის, რათა გაიზარდოს შეთანხმების შესრულების ეფექტურობა, მშვიდობისმყოფელები გაიგზავნებიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის კონტროლისთვის“;

მოგვიანებით ასევე დაზუსტდა თურქეთის როლი: თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს მემონარდუმს, რომელიც მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის განმახორციელებელი ცენტრის შექმნას ითვალისწინებს.

რუსული თავდაცვის უწყების განმარტებით, ერთობლივი მონიტორინგის ცენტრი “მხარეების მიერ ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებების შესრულების საიმედო კონტროლს განახორციელებს. ამასთან, კონფლიქტის დასარეგულირებლად მყარ საფუძველს შექმნის”.

ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების გარდა, ცენტრი, როგორც რუსული მხარე აცხადებს, უპილოტო საფრენი აპარატებით ვიზუალურ დათვალიერებას და დარღვევების დაფიქსირებას უზრუნველყოფს. ასევე, ცენტრს მხარებს შორის მიღწერული შეთანხმების საკითხების ირგველივ შექმნილი ნებისიერი პრობლემის, საჩივრისა თუ საკითხის განხილვის ორგანოს ფუნქცია ექნება.

გარეკანის ფოტო © REUTERS / Francesco Brembati 

რუსი მშვიდობისმყოფელები რუსული გავლენის ზრდას ნიშნავს | ივლიანე ხაინდრავა

რუსი სამშვიდობოები აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობისთვის დარტყმაა | ლეილა ალიევა

მასალების გადაბეჭდვის წესი