ახალი ამბები

მჟავანაძეს სამდღიანი პატიმრობა, რუხაძეს – 1500 ლარი ჯარიმა | სასამართლოს გადაწყვეტილება

12 ნოემბერი, 2020 • 1193
მჟავანაძეს სამდღიანი პატიმრობა, რუხაძეს – 1500 ლარი ჯარიმა | სასამართლოს გადაწყვეტილება

მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტ გიორგი მჟავანაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ “სირცხვილია” ავრცელებს.

გარდა ამისა, 1 500 ლარით დააჯარიმეს კიდევ ერთი აქტივისტი ნოდარ რუხაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 9 ნოემბერს რუსთაველზე მიმდინარე ანტისახელისუფლებო აქციაზე ადმინისტრაციული წესით, ჯამში, ოთხი პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის იყვნენ მოძრაობა “სირცხვილიას” 3 წევრი: ლექსო მაჭავარიანი, გიორგი მჟავანაძე და ნოდარ რუხაძე.

საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მაჭავარიანი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. სასამართლომ ის 1000 ლარით დააჯარიმა.

აქტივისტები იმ დროს დააკავეს, როდესაც რუსთაველის გამზირზე შეშის მიტანას ცდილობდნენ.

გიორგი მჟავანაძის ადვოკატის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ მასზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო, მაგრამ ჯერ არცერთი პოლიციელი არ დაუკავებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი