ნეტგაზეთი | თუ 2021 წელს შევხვდებით ერთპარტიული პარლამენტით, იქნება კატასტროფა – ვაშაძე თუ 2021 წელს შევხვდებით ერთპარტიული პარლამენტით, იქნება კატასტროფა – ვაშაძე – Netgazeti
RU | GE  

თუ 2021 წელს შევხვდებით ერთპარტიული პარლამენტით, იქნება კატასტროფა – ვაშაძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ არსებული მონაცემებით, ოპოზიციამ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, თუმცა მოლაპარაკებები აუცილებელია. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში დღეს, 11 ნოემბერს ისაუბრა

ვაშაძისვე აზრით, თუ მოლაპარაკებები არ დაიწყო და არ შეიცვალა არსებული ვითარება, ეს იქნება კატასტროფა ქვეყნისთვის. კითხვაზე, არსებობს თუ არა ნოემბრის ბოლომდე, ანუ მეორე ტურამდე ცვლილების შანსი, ვაშაძე პასუხობს:

“რაღაც უნდა გაკეთდეს იმიტომ, რომ 2021 წელს ჩვენ თუ შევხვდით ერთპარტიული, ჩრდილოეთკორეული პარლამენტით, ჩვენ თუ შევედით მარგინალიზებული ოპოზიციით, რომელსაც არავითარი სამართლებრივი ბერკეტები არ დარჩება მოქალაქის დაცვის, და ჩვენ ყველა დემოკრატიული თანამეგობრობის წინაშე  გამოვჩნდებით როგორც საზოგადოება, რომელსაც თვითმმართველობა არ შეუძლია, ეს იქნება სრული კატასტროფა”.

გრიგოლ ვაშაძე დაეთანხმა ჟურნალისტის მოსაზრებას, პარლამენტის ბოიკოტით ოპოზიცია ხომ არ მისცემს ხელისუფლებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში სრულ კარტბლანშს.

“აბსულუტურად გეთანხმებით”, – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი ინფორმაციით, 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პარტნიორი ელჩების შუამავლობით დაგეგმილი იყო მოლაპარაკებების დაწყება, მაგრამ ეს ბოლო წუთს ჩაიშალა.


თავდაპირველად, სწორედ “ნაციონალურმა მოძრაობა” იყო იმ პარტიებს შორის, რომლებმაც არ აღიარეს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ხალხს საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, ისინი არ შევიდოდნენ პარლამენტში და ითხოვდნენ როგორც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ისე – ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის შეცვლას.

ენმ-ის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ ისე, რომ ამის შესახებ პარტიის სხვა ლიდერებმა არ იცოდნენ, გაავრცელა წერილი, სადაც აღნიშნა, რომ “ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით უნდა ჩანაცვლდეს”. მოგვიანებით, მან აღნიშნულზე მეორე წერილი გაავრცელა და პირველი განცხადება განმარტა.

ასევე წაიკითხეთ:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.