მარნეულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი“ ლაშა ქველაძე აცხადებს, რომ მის ოჯახს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, ინციდენტი გუშინ, 10 ნოემბრის ღამით მოხდა.
ქველაძის ინფორმაციით, მისი ოჯახის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოდა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ და საკრებულოს აპარატის იურისტმა შერმადინ ბოჭოიძემ მიაყენეს. ქველაძე მომხდარს თავის პოლიტიკურ კუთვნილებას უკავშირებს და ამბობს, რომ პოლიციას დაურეკეს, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკითხავთ.
“ადგილზე დამხვდნენ ამირან გიორგაძე, შერმადინ ბოჭოიძე, ვაჟა შუბითიძე, თემურ შუბითიძე — ის პირები არიან, რომლებიც 29 სექტემბერს თავს დაგვესხნენ, ფიზიკურად გაგვისწორდნენ და მანქანა დამიმტვრიეს. მათზე მაშინ პოლიციამ ვითომდა აღძრა საქმე, მაგრამ დღემდე დაკავებულები არ არიან. როგორც ჩანს, ეს ადამიანები არიან გათამამებულები, თან ფიქრობენ, არჩევნები მოვიგეთო და ჩვენ ვართ ისევ ხელისუფლებაშიო და საერთოდ დაუსჯელობის სინდრომია. აქედან გამომდინარე, გაბედეს და წუხელ ღამით მივარდნენ სახლში, როცა სახლში მარტო ქალები და ბავშვები იყვნენ და ააწიოკეს […] გარეთ, კარებთან იდგნენ და იმუქრებოდნენ, გამოდით, თქვენიო, სიტყიერ შეუარაცხყოფას აყენებდნენ, ყველა უნდა გადაგცხრილოთო”, — განაცხადა ქველაძემ “ტვ პირველთან”.
საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე რადიო „მარნეულთან” მომხდარს უარყოფს და აცხადებს, რომ ქველაძეების ოჯახი ცრუობს.
“რამდენჯერ შეიძლება ადამიანს დააბრალონ ერთი და იგივე. მსგავსი არაფერი მომხდარა. ადამიანმა ასე როგორ უნდა დაკარგოს ნამუსი, რომ ასეთი რამე დააბრალო, როდესაც საერთოდ არ მინახავს გუშინ ეგენი. საიდან მოიგონეს? შერმადინ ბოჭოიძის სახლში საერთოდ არ ვყოფილვარ. როგორც მითხრეს, ლაშა ქველაძეს გაუკეთებია განცხადება, სახლში მომეჭრენო, და ლაშა ქველაძე ცხოვრობს მარნეულში. იმას მაინც ვერ იაზრებენ, რომ მე თუ სოფელში ვიყავი მისული, მას იქ რა უნდოდა და სახლში როგორ მივეჭერი. თუ სახლში მივეჭრი, იმდენი ვერ მოიფიქრეს, რომ ტელეფონით დაეფიქსირებინათ? ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი“ ,- ამბობს ამირან გიორგაძე