სომხეთის 17 ოპოზიციური პარტია დღეს, 11 ნოემბერს, ერევანში საპროტესტო აქციას მართავს, სადაც პარტიები ომის დამთავრების შესახებ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აპროტესტებენ.
ოპიზიციონერები მიტინგზე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომასაც მოითხოვენ.
ქვეყანაში ჯერ კიდევ საომარი მდგომარეობის გამო, რომლის დროსაც აქცია-შეკრებები იზღუდება, პოლიციამ აქციის დაწყებამდე მისი მონაწილეების დაკავება დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის აქციაზე რამდენიმე ათასი მოქალაქე და ოპოზიციის მხარდამჭერი იმყოფება.
“სამწუხაროდ, გუშინ ჩვენი ისტორიის ყველაზე საშინელი გვერდი დაიწერა. ერის წინააღმდეგ მიმართული შეთანხმება გაფორმდა ჩვენი მებრძოლების ზურგს უკან, რომლებიც თავს სწირავენ სამშობლოს დასაცავად. ამ დროს ჩვენი ერთობა და აქციების ჩატარება უმნიშვნელოვანესია”, – ნათქვამია 17 პარტიის მიერ 10 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნულმა პარტიებმა 9 ნოემბერს, ომის დასრულების შეთანხმებაზე ხელმოწერის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე მოითხოვეს პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა. აღნიშნულ გაერთიანებულ ფორმატში სხვა პარტიებთან ერთად შედიან საპარლამენტო პარტია “აყვავებული სომხეთი”, “რესპუბლიკური პარტია”, რომელიც სომხეთის წინა მთავრობაში იყო წარმოდგენილი, და დაშნაკცუთიუნი.

ოპოზიციის აქცია ერევანში ომის დასრულების გადაწყვეტილების წინააღმდეგ; ფოტო: tert.am