ახალი ამბები

IMF-მა შეამცირა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2021 წლისთვის

11 ნოემბერი, 2020 • 963
IMF-მა შეამცირა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2021 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 10 ნოემბერს გამოაქვეყნა საქართველოში მისიის ბოლო, მე-7 დასკვნა, რომელშიც წერს, რომ 2020 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 5%-იანი კლებაა მოსალოდნელი, 2021 წელს კი ნავარაუდებია 4.3%-იანი ზრდა.

ეს მონაცემბი განსხვავდება წინა დასკვსნისგან, სადაც 2021 წელს ეკონომიკის 5%-იანი ზრდა იყო ნავარაუდები [2019 წელს მშპ-მა მიმდინარე ფასებში 50 მლრდ ლარი შეადგინა, რეალური ზრდა კი 5.1% იყო. არსებობს მსოფლიო ბანკის პროგნოზიც, რომლის თანახმადაც ეკონომიკა 2021 წელს 4%-ით გაიზრდება].

სავალუტო ფონდის მკვლევრები თავიანთი პროგნოზის ცვლილების მიზეზად ასახელებენ, ერთი მხრივ, რეგიონულ კონფლიქტთან დაკავშირებულ გაურკვევლობას [ყარაბაღის ომი], მეორე მხრივ კი, საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდას.

2021 წელს 4.3%-იანი ზრდის პროგნოზის მიუხედავად, სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ მაინც რჩება მნიშვნელოვანი უკუსვლის რისკები.

IMF ასევე მიუთითებს, რომ ინფლაცია 3%-ს 2021 წლის ბოლოს მიაღწევს. საშუალოვადიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზად კი ფონდი 5.25%-ს მიუთითებს, რაც მიიღწევა გაზრდილი ხარჯებით ინფრასტრუქტურის სფეროში და მდგრადი სტრუქტურული რეფორმებით, რისი მიზანიც პროდუქტიულობის გაზრდა და ისეთი ეკონომიკური ზრდის წახალისებაა, სადაც კერძო სექტორია წამყვანი.

IMF-ის პროგნოზითვე, ტურიზმის მიღებული შოკი დიდხანს გასტანს, — 2019 წლის მაჩვენებლებს ტურიზმის სფერო მხოლოდ 2024 წლისთვის დაუბრუნდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი