ახალი ამბები

სენატის კომიტეტის კანონპროექტში არ არის დათქმა საქართველოსთვის 15%-იანი დაფინანსების შეჩერებაზე

11 ნოემბერი, 2020 • 975
სენატის კომიტეტის კანონპროექტში არ არის დათქმა საქართველოსთვის 15%-იანი დაფინანსების შეჩერებაზე

აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტის თანახმად, 2021 წელს აშშ საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის ოდენობით დაფინანსებას გამოყოფს.

ამასთან, სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტის სენატის ასიგნაციების კომიტეტის ვერსიაში, განსხვავებით წარმომადგენელთა პალატის დოკუმენტისგან, არ არის დათქმა ამ დაფინანსების 15%-ის შეჩერების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ აცნობებს კონგრესს, რომ  საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტურ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლისა და კერძო სექტორისთვის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის, უცხოელი ბიზნესმენების უფლებების, მათი ფინანსური ინტერესებისა და ინვესტიციების დაცვის ჩათვლით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, “ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციამ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენოს”.

“სენატის ასიგნების კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში არ არის ის დათქმა, რაც იყო დაკავშირებული 15%-იან შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომელიც არსებობდა კანონის წარმომადგენლობითი პალატის დამტკიცებულ ვერსიაში. ეს კიდევ ერთელ ადასტურებს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პროგრესი არსებობს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ არ უნდა გამოიყენონ ოპონენტებმა საკუთარი პოლიტიკური  ინტერესებისთვის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორრთან ქვეყნის ურთიერთობა”, – განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ კანონპროექტის ქვეთავში მოცემულია საქართველოს მხარდამჭერი გზავნილი — კერძოდ, ნათქვამია, რომ ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტში ინიცირებული, მოგვიანებით კი პალატის მიერ მიღებული კანონპროექტით, საქართველომ შესაძლოა აშშ-ის დახმარების [132 მილიონ 025 000 აშშ დოლარი] 15% [19 803 750] დაკარგოს, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და არ შეატყობინებს კონგრესს, რომ:

  • საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტურ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლისა და კერძო სექტორისთვის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის, უცხოელი ბიზნესმენების უფლებების, მათი ფინანსური ინტერესებისა და ინვესტიციების დაცვის ჩათვლით.

წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი განსახილველად სენატს გაეგზავნა. სენატის ასიგნაციების კომიტეტმა კანონპროექტის თავისი ვერსია, რომელშიც საქართველოსთვის 15%-იანი დათქმა აღარ არის, 11 ნოემბერს გამოაქვეყნა.

ასიგნაციების კომიტეტის შემდეგ კანონპროექტს სენატის სრული შემადგენლობა განიხილავს. დოკუმენტის მისაღებად საჭიროა 51 ხმა (თუმცა, ხმების თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, საქმეში ჩარევის უფლება აქვს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც, ამავდროულად, სენატის პრეზიდენტია).

თუკი პროექტს სენატიც აუნთებს მწვანე შუქს, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სენატისა და პალატის მიერ მიღებულ კანონებს შორის განსხვავებებზე იმუშავებს. ამ პროცესის დასრულების შემდეგაც, კანონპროექტი კიდევ ერთხელ გადაეცემა პალატისა და სენატის სრულ შემადგენლობას, ხოლო თუ ისინი მას მიიღებენ, პროექტი გადაეცემა აშშ-ის პრეზიდენტს, რომელსაც აქვს 10 დღე მის ხელმოსაწერად ან ვეტოს უფლების გამოსაყენებლად.

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს, კონგრესს მისი დაძლევა შეუძლია — ამისთვის საჭიროა ხმების 2/3, ანუ 67 ხმა სენატში და 290 – წარმომადგენელთა პალატაში.

ამ თემაზე:

„სიგნალი“ – რას ნიშნავს აშშ-ს პროექტი საგარეო ოპერაციების დაფინანსებაზე საქართველოსთვის?

მასალების გადაბეჭდვის წესი