ახალი ამბები

პრობაციის სააგენტო ჩემს დაკავებას ითხოვს – მიხაილო

11 ნოემბერი, 2020 • 1301
პრობაციის სააგენტო ჩემს დაკავებას ითხოვს – მიხაილო

პრობაციის ეროვნული სააგენტო ითხოვს მუსიკოს მიხაილო თოდუას [ასევე ცნობილი, როგორც მიხაილო] დაკავებას. მუსიკოსის მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დღეს მოქალაქეები 13:00 საათზე შეიკრიბებიან.

მიხაილომ ნეტგაზეთს უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც 2019 წელს საპატიმორ სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა და საპატიმრო დატოვა, პრობაციის სააგენტოს სთხოვა, რომ კვლავ გაეგრძელებინა პროფესიული საქმიანობა.

„ამაზე თანხმობა და ხელშეწყობა მივიღე, შესაბამისად, შევთანხმდით, რომ ყოველი ივენთის შემდეგ უნდა წარვადგინო ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი და ცნობა, რომელიც მეტყველებს იმას, რომ მე რაღაც დროიდან რაღაც დრომდე ვიყავი გარკვეულ ლოკაციაზე და ვმუშაობდი.

ერთი წლის განმავლობაში 28 ივენთში მივიღე მონაწილეობა და ამ 28-დან 2-ს არ მითვლიან საპატიოდ“, – ამბობს მიხაილო და ამატებს, რომ ამ 2 ღონისძიების გამო უწყება ითხოვს, ციხეში დააბრუნონ და სასჯელის დარჩენილი დრო (წელიწადი და 10 თვე) იქ გაატაროს.

მიხაილო თოდუა ამბობს, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია.

„პირველი ივენთი იყო 13 ოქტომბერს. 16 რიცხვში პრემიერმა გამოსცა განკარგულება 10 საათის შემდეგ შეკრების აკრძალვის შესახებ, მე კი 13 რიცხვში დავუკარი. აბსურდია, 3 დღის შემდეგ გამოვიდა განკარგულება და 13 რიცხვის ღონისძიებას არ მითვლიან საპატიოდ.

17 რიცხვშიც იმავეს მედავებიან, რომ დავარღვიე განკარგულება, რომელიც 10 საათის შემდეგ შეკრებას კრძალავს. რეალურად არც ეგ დამირღვევია იმიტომ, რომ წინასაარჩევნო  კამპანიის დროს შეკრებები ნებადართული იყო, მე კი „გირჩის“ მიერ ორგანიზებულ საღამოში მივიღე მონაწილეობა, რომელიც მუსიკალურად გავაფორმე. არ მითვლიან საპატიოდ ამ ორ ღონისძიებას იმიტომ, რომ არ უნდათ“, – გვიყვება მუსიკოსი.

ჩვენს კითხვაზე, ხომ ვერ ხედავს პოლიტიკურ მოტივსაც, მიხაილო გვპასუხობს, რომ სხვა მიზეზს ვერ ხედავს – „არაფერი შეცვლილა, იგივე დოკუმენტები წარვადგინე, რაც მანამდე. სანამ დავუკრავდი, წინასწარაც გავაფრთხილე, „გირჩის“ ღონისძიებაზე რომ უნდა დამეკრა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემი ბედი წყდება ვიღაცის ნების მიხედვით“.

„ასეთ მდგომარეობაში ვარ და ვთხოვ ყველა მხარდამჭერს, მოვიდნენ სასამართლოსთან. თუ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, ყველას ერთად გაგვიხარდება, თუ – არა, მინდა, ხალხი იყოს ჩემ გვერდით და კიდევ ერთ უსამართლო გადწყვეტილებას დაესწროს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება,“.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ასევე პრობაციის ეროვნულ სააგენტოს. უწყებისგან პასუხის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.


მიხაილო 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-ს ფლობისთვის დააკავეს და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

2019 წელს თოდუამ პატიმრობის შესაბამისი ვადის მოხდის შემდეგ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს მიმართა და დარჩენილი მოსახდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით, შინაპატიმრობით შეცვლა ითხოვა, რის შემდეგაც საბჭომ განიხილა, დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და ე.წ. სამაჯურით გაუშვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი