ახალი ამბები

EMC: პრობაციის მოთხოვნა მიხაილოს ციხეში დაბრუნებაზე დაუსაბუთებელი და უსამართლოა

11 ნოემბერი, 2020 • 1266
EMC: პრობაციის მოთხოვნა მიხაილოს ციხეში დაბრუნებაზე დაუსაბუთებელი და უსამართლოა

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC), რომელიც მიხეილ (მიხაილო) თოდუას ინტერესებს იცავს სასამართლოში, აცხადებს, რომ თბილისის პრობაციის ბიუროს მოთხოვნა მიხაილოს მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენებაზე დაუსაბუთებელი და უსამართლოა.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მოთხოვნა ეწინააღმდეგება მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნებს.

მიხაილოს 2013 წელს 9- წლიანი საპატიმრო სასჯელი შეეფარდა კლუბური ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და მისი მოხმარებისთვის და თითქმის 6 წელი იხდიდა სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 2019 წლის ოქტომბერში საპატიმრო სასჯელი შეეცვალა შინაპატიმრობით – 2 წლისა და 11 თვის ვადით.

EMC-ის განცხადებით, შინაპატიმრობის წესების შესაბამისად, მას დაეკისრა საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება 21:00 საათიდან 08:00 საათის ჩათვლით. სწორედ აღნიშნული ვალდებულების დარღვევის გამო მოითხოვს პრობაციის ბიურო შინაპატიმრობის გაუქმებას და მიხაილოს დაბრუნებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობა საპატიოდ თვლის შინაპატიმრობის წესის დარღვევას, თუკი ეს გამოწვეულია სამსახურებრივი, პროფესიული, სპორტულ ანდა კულტურულ სამქიანობასთან დაკავშირებული მივლინების გამო.

EMC აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში დასტურდება, რომ მიხეილ თოდუა არის მუსიკოსი, მისი საქმიანობა დაკავშირებულია DJ -ს, ხმის რეჟისორისა და არტ-დირექტორის საქმიანობასთან, უმეტესად უკრავს ან ხმის რეჟისორისა თუ არტ-დირექტორის ფუნქციას ასრულებს სხვადასხვა ღონისძიების დროს:

“ღონისძიებების უმეტესობა ღამის საათებში ტარდება, რის გამოც მას უწევს შინაპატიმრობით დადგენილი რეჟიმის დარღვევა. თუმცა, ამ დრომდე, პრობაციის ბიუროს მიერ ყველა ღონისძიებაში მონაწილეობა მიიჩნეოდა საპატიო გარემოებად და გაუგებარია, ამჯერად რა არგუმენტით არ ჩაეთვალა მიხაილოს საცხოვრებელ სახლში არყოფნა საპატიოდ.

მიხაილოს მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელება დასტურდება დამსაქმებლების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტებით, თუმცა პრობაციის ბიუროს წარდგინებაში არ ჩანს დასაბუთება, რა არგუმენტებით ჩაითვალა ეს დოკუმენტები არასაკმარისად” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

EMC-ს თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავად სასჯელაღსრულების თანამშრომლების მიერ მომზადებული შეფასების დოკუმენტიც ცხადყოფს, რომ მიხაილო აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაში, ცდილობს რესოციალიზაციას და სრულად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რის გამოც არაერთხელ წახალისდა სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის მიერ.

ორგანიზაციის განცხადებით, ცალსახაა, რომ მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დაუცველობა გამოწვეულია არა თვითნებობით, მასზე დაკისრებული მოვალეობისადმი უპასუხისმგებლო, გულგრილი დამოკიდებულებით ან დადგენილი რეჟიმის დარღვევის მიზნად დასახვით, არამედ ობიექტური გარემოების არსებობით, რაც თავის მხრივ, შესაძლოა მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურებოდეს.

“ამ საქმიანობით მიხაილო არამარტო პროფესიულად ვითარდება, ეს საქმიანობა მისთვის არის ასევე ერთადერთი შემოსავლის წყაროც, რის გარეშეც მისთვის შეუძლებელი იქნება ყოველდღიური ეკონომიკური საჭიროებების დაკმაყოფილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პროფესიული განვითარება და მუსიკის დარგში საქმიანობა პირდაპირ ემსახურება მიხაილოს რესოციალიზაციის მიზანს და მნიშვნელოვანია, რომ ჩაითვალოს საპატიო გარემოებად. წარდგინების დაკმაყოფილება და სასჯელის მოსახდელად კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნება, ბუნებრივია, ხელს შეუშლის მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესს და უმძიმეს ეფექტს იქონიებს პირადად მასზე და მისი ოჯახის წევრებზე”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მიხაილო თოდუას საკითხზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 14:00 საათზე უნდა იმსჯელოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი