ახალი ამბები

“გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია” – დეკანოიძე

10 ნოემბერი, 2020 • 1054
“გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია” – დეკანოიძე

“გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია”, – ამ განცხადებას ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ავრცელებს ფეისბუკზე.

“სამწუხაროა, რომ პარტიის თავმჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს. ჩვენ მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ვართ, მხოლოდ პირობებით, რომელიც არის გაზიარებული სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიერ. ოფიციალურად, პარტიის განცხადება გაკეთდება ცალკე…”, – ამბობს დეკანოიძე.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. თავდპირველად ვაშაძის განცხადება “ნიუპოსტმა” გაავრცელა. ნეტგაზეთს “ნაციონალურ მოძრაობაში” უდასტურებენ, რომ ვაშაძის განცხადება ავთენტურია, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

გავრცელებული განცხადების თანახმად, ვაშაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, რომ პროცესები სასწრაფოდ  მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით ჩანაცვლდეს.

მისი თქმით, არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, მიუხედავად ოპოზიციის დასაბუთებული არგუმენტებისა და პროტესტისა, არ აქვს უფლება შეეგუოს უმართავი პროცესების განვითარებას.

ვაშაძის ამავე განცხადებაში საუბარია, რომ მომავალ პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც შეისწავლის დარღვევებს მიმდინარე არჩევნებში, გამოავლენს პასუხისმგებელ პირებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ პარლამენტში არ შედის, მაშინ რა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრობს ენმ-ის ლიდერი? ვაშაძე პასუხობს:

“მთავარი არის ის, რომ ჩვენ დავანახოთ, რომ ქართული ოცნება არც ამ განცხადების მერე არ მოდის მოლაპარეკებაზე.”

მასალების გადაბეჭდვის წესი