ახალი ამბები

“ეს ბატონი გრიგოლის პერსონალური პოზიციაა” — კორძაია ვაშაძის განცხადებაზე

10 ნოემბერი, 2020 • 985
“ეს ბატონი გრიგოლის პერსონალური პოზიციაა” — კორძაია ვაშაძის განცხადებაზე

რესპუბლიკური პარტიის წევრი თამარ კორძაია, რომელიც “ენმ – ძალა ერთობაშიას” ბლოკში შედის, ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძის განცხადება მისი პირადი პოზიციაა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც  ვაშაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, რომ პროცესები სასწრაფოდ  მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადავიდეს და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით ჩანაცვლდეს.

კორძაიას თქმით, ვაშაძეს არ უგულისხმია, რომ აქციები აღარ იყოს. როგორც კორძაია განმარტავს, ეს არის მესიჯი “ქართული ოცნებისთვის”, რომ მოლაპარაკებებზე წამოვიდეს.

“ბლოკის პოზიცია უცვლელია. ეს არის ბატონი გრიგოლის პერსონალური პოზიცია, რაც ასევე გასათვალისწინებელია ჩვენთვისაც, ყველასთვის. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ხელისუფლებისათვის […] ჩემი აზრით, გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას მისცა შანსი, რომ გადმოდგას ნაბიჯი და წამოვიდეს მოლაპარაკებებზე. მთავარი პრობლემა ხელისუფლებაშია და არა იმაში, ოპოზიციაში ვინ რას იტყვის “, — განაცხადა კორძაიამ “ტვ პირველის” ეთერში სტუმრობისას.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. თავდპირველად ვაშაძის განცხადება “ნიუპოსტმა” გაავრცელა. ნეტგაზეთს “ნაციონალურ მოძრაობაში” უდასტურებენ, რომ ვაშაძის განცხადება ავთენტურია, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

გავრცელებული განცხადების თანახმად, ვაშაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, რომ პროცესები სასწრაფოდ  მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით ჩანაცვლდეს.

მისი თქმით, არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, მიუხედავად ოპოზიციის დასაბუთებული არგუმენტებისა და პროტესტისა, არ აქვს უფლება შეეგუოს უმართავი პროცესების განვითარებას.

ვაშაძის ამავე განცხადებაში საუბარია, რომ მომავალ პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც შეისწავლის დარღვევებს მიმდინარე არჩევნებში, გამოავლენს პასუხისმგებელ პირებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ პარლამენტში არ შედის, მაშინ რა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრობს ენმ-ის ლიდერი? ვაშაძე პასუხობს:

“მთავარი არის ის, რომ ჩვენ დავანახოთ, რომ ქართული ოცნება არც ამ განცხადების მერე არ მოდის მოლაპარეკებაზე.”

ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით — ვაშაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი