ახალი ამბები

გადაადგილების შეზღუდვას ვინც არღვევს, მათი იდენტიფიცირება ხდება – შსს

10 ნოემბერი, 2020 • 1255
გადაადგილების შეზღუდვას ვინც არღვევს, მათი იდენტიფიცირება ხდება – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაადგილების შეზღუდვაზე დაწესებული რეგულაციების დამრღვევი პირების იდენტიფიცირება მოხდება, რის შემდეგაც ისინი 2000 ლარით დაჯარიმდებიან.

საქართველოს რამდენიმე ქალაქში მთავრობის დადგენილების საფუძველზე დღეიდან, ღამის საათებში მოძრაობა აკრძალულია, თუმცა ამ დროისთვის აქცია იმართება რუსთაველის გამზირზე, თბილისში, ასევე ბათუმში. ოპოზიციასა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი 22:00 საათის შემდეგაც აგრძელებდნენ საკუთარი პროტესტის გამოხატვას პარლამენტის შენობის წინ.

“საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის N670 დადგენილებით, ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში აიკრძალა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე, საჯარო სივრცეში ყოფნა. მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ დადგენილ რეგულაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აკრძალულ ქმედებას და იწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით ფიზიკური პირებისათვის, ხოლო 10 000 ლარით- იურიდიული პირებისათვის. შესაბამისად, ვინც არღვევს დადგენილ რეგულაციებს, ხდება მისი იდენტიფიცირება და დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 2000- ლარიანი ჯარიმის სახით”,-აცხადებენ შსს-ში.

არასამთავორბო ორგანიზაციათა ნაწილი აცხადებს, რომ კომენდანტის საათის დაწესება საქართველოს მთავრობის დადგენილებით არის არაკონსტიტუციური, ვინაიდან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკანონმდებლო უფლებამოსილება, მათი შეფასებით, საქართველოს მთავრობას არ გააჩნია. ორგანიზაციებში აღნიშნავენ, რომ ეს ნაბიჯი აღიქმება, როგორც მიმდინარე საპროტესტო ტალღის ჩახშობის მცდელობა და ამბობენ, რომ ამგვარი აკრძალვა არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის ეფექტურ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი